დონალდ ტრამპი – დღეს ვაცხადებ ყველაზე გამანადგურებელ ეკონომიკურ ოპერაციას ირანის წინააღმდეგ, ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკური ომი და იზოლაცია
დღეს ვაცხადებ ყველაზე გამანადგურებელ ეკონომიკურ ოპერაციას ირანის წინააღმდეგ, ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკური ომი და იზოლაცია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, შეთანხმების მისაღწევად ირანისთვის არავის მიუცია იმაზე მეტი შესაძლებლობა, ვიდრე თავად მისცა, თუმცა თეირანმა ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.
„ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის შეთანხმების მისაღწევად ჩემზე მეტი შესაძლებლობა არავის მიუცია. სამწუხაროდ, ამ შესაძლებლობის გამოყენება ვერ შეძლეს. ამიტომ დღეს ვაცხადებ ყველაზე გამანადგურებელი ეკონომიკური ოპერაციის დაწყებას, რომელიც ოდესმე რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულა. ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკური ომი და იზოლაცია“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
მისი თქმით, ირანის საზღვაო ძალები აღარ არსებობს, საჰაერო ძალები განადგურებულია, სამხედრო ქარხნები ნანგრევებად არის ქცეული, ვალუტა გაუფასურებულია, ხოლო ქვეყანა ბეწვის ხიდზე დგას.
„დღეს ასევე ვაცხადებ, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც საკუთარ ფინანსურ ინსტიტუტებს, ბიზნესებს, აეროპორტებს ან სამთავრობო უწყებებს ირანისთვის რაიმე სახის დახმარების გაწევის საშუალებას მისცემს, თავადაც უმძიმესი ეკონომიკური შედეგების წინაშე აღმოჩნდება. ნავთობის კონტრაბანდა, ფინანსური სქემები, ნაღდი ფულის გადარიცხვები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, გემების რეგისტრაცია, ფიქტიური კომპანიები – ეს ყველაფერი ახლავე უნდა შეწყდეს. თქვენ იცით, ვისაც ვგულისხმობ. ეს იქნება ირანის წინააღმდეგ უპრეცედენტო ეკონომიკური შეტევის დასაწყისი და ჩვენ გვჭირდება ყველა ჩვენი მოკავშირის მხარდაჭერა, რათა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად მოვახდინოთ ირანის იზოლაცია და დავამარცხოთ ირანის საფრთხე. ეს შეშლილები კუთხეში არიან მიმწყვდეული და ეს ისტორიული ზომები მნიშვნელოვნად დაასუსტებს მათ შესაძლებლობას, ტერორის გავრცელება მთელ მსოფლიოში განაგრძონ. ირანს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.