დონალდ ტრამპი – დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, კიდევ უფრო დამაჯერებლად გავიმარჯვებდი, დემოკრატები კომუნისტები არიან, დროა, თქვან, რომ „ტრამპი ყველა დროის საუკეთესო პოლიტიკური სპორტსმენია“
წარმოუდგენელია! არჩევნებში სრული უპირატესობით გავიმარჯვე მთელი დემოკრატიული პარტიის წინააღმდეგ და თითქმის 100%-ით ნეგატიური ამბების ფონზე ამერიკის ოლქების 86% მოვიგე, 2 750-დან 525-მდე, ამომრჩეველთა კოლეგიაში 312-დან 226-მდე, ათწლეულების განმავლობაში პირველი რესპუბლიკელი ვიყავი, რომელმაც სახალხო ხმების მოპოვება მოახერხა, – ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, გამარჯვება მოახერხა მაშინ, როდესაც პრესა მის შესახებ მხოლოდ ნეგატიურ და ყალბ ამბებს ავრცელებდა. თეთრი სახლის ლიდერმა ასეთ მედიასაშუალებებს შორის New York Times-ი, CNN-ი, ABC, CBS-ი და NBC დაასახელა. მისივე თქმით, ამ მედიების რეიტინგი სულ უფრო მცირდება.
„მათი მკითხველების, რეიტინგებისა და მაყურებელთა რაოდენობა „ეცემა“, რადგან საზოგადოება ხვდება, რომ ისინი, როგორც თავიდანვე ვთქვი, „ყალბი ამბებია!“ მათ არანაირი სანდოობა არ აქვთ, თორემ შეუძლებელი იქნებოდა ჩემთვის მხოლოდ ცუდი ისტორიების ფონზე გამარჯვება“, – წერს დონალდ ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, ის კიდევ უფრო დამაჯერებლად გაიმარჯვებდა, დემოკრატები კი სასოწარკვეთილები არიან და არ სურთ სიმართლის აღიარება.
„არჩევნები დღეს ხელახლა თუ ჩატარდება, მე კიდევ უფრო მეტით გავიმარჯვებ – სინამდვილეში, გაცილებით მეტით! დემოკრატებს არ აქვთ ის, რაც საჭიროა, მათი პოლიტიკა არასწორია და ისინი, ზოგადად, სულელები არიან. ისინი კომუნისტები არიან, ისინი სასოწარკვეთილად „ჩაძირული გემი“ არიან და ამის გამო ვერაფერს იზამენ. არაზუსტი, ცრუ სტატიების წერის ნაცვლად, უნდა იყოს დრო, რომ თქვან: „ჩვენ ვნებდებით, ჩვენ ვერ დავამარცხებთ მას, როგორც ჩანს, ვერაფერს ვიზამთ“. არის დრო, რომ თქვან: „ტრამპი ყველა დროის საუკეთესო პოლიტიკური სპორტსმენია! გილოცავთ, ბატონო პრეზიდენტო. თქვენ, 10 წელია, გვამარცხებთ და ჩვენ აღარ ვაპირებთ ჩვენი დროის დაკარგვას თქვენთან ბრძოლაში. ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ. გააკეთეთ შესანიშნავი სამუშაო, ბატონო, მართეთ ჩვენი ქვეყანა. გახადეთ ამერიკა ისევ დიადი!“- წერს ის.