დონალდ ტრამპი - დავაწესებთ 25%-იან ტარიფს უცხოური წარმოების ყველა ავტომობილზე, დროა, აშშ-მა იზრუნოს საკუთარ ხალხზე
დონალდ ტრამპი - დავაწესებთ 25%-იან ტარიფს უცხოური წარმოების ყველა ავტომობილზე, დროა, აშშ-მა იზრუნოს საკუთარ ხალხზე

დავაწესებთ 25%-იან ტარიფს უცხოური წარმოების ყველა ავტომობილზე, დროა, აშშ-მა იზრუნოს საკუთარ ხალხზე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სხვადასხვა ქვეყნისთვის საპასუხო ტარიფების დაწესების გამოცხადებისას აღნიშნა. 

„ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ამერიკის ისტორიაში, დღეს აშშ-ის ეკონომიკური დამოუკიდებლობის გამოცხადება აღინიშნება. ახლა ჩვენი აყვავების დროა. სამუშაო ადგილები და ადგილობრივი წარმოება ამერიკაში დაბრუნდება. ეს ნამდვილად იქნება ამერიკის ოქროს ხანა. როდესაც საქმე ვაჭრობას ეხება, ხანდახან მეგობარი მტერზე უარესია. სამხრეთ კორეაში წარმოებული მანქანების 80%-ზე მეტი იყიდება სამხრეთ კორეაში, ხოლო იაპონიაში გაყიდული მანქანების 90%-ზე მეტი დამზადებულია იაპონიაში და აშშ-ში დამზადებული მანქანები მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს ამ ქვეყნებში. მაგალითად, „ფორდი“ ძალიან ცოტას ყიდის სხვა ქვეყნებში. დისბალანსმა გაანადგურა აშშ-ის მრეწველობა, ამიტომ ჩვენ დავაწესებთ 25%-იან ტარიფს უცხოური წარმოების ყველა ავტომობილზე. ჩვენ ვზრუნავთ ქვეყნებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ახლა დროა, აშშ-მა იზრუნოს საკუთარ ხალხზე“, – განაცხადა ტრამპმა.

„ბიბისის“ ცნობით, ავტომობილებზე 25%-იანი ტარიფები ძალაში დღესვე შევა.