დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი ბუკინგემის სასახლეში სახელმწიფო ბანკეტს დაესწრნენ
დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი ბუკინგემის სასახლეში სახელმწიფო ბანკეტს დაესწრნენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი ბუკინგემის სასახლეში სახელმწიფო ბანკეტს დაესწრნენ.

როგორც სადღეგრძელოს წარმოთქმისას გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელისაბედ მეორემ აღნიშნა, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ალიანსი ათეულობით წელია, ორი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მან ასევე ორ სახელმწიფოს შორის ეკონომიკური კავშირების სიძლიერეზე ისაუბრა.
„როდესაც მომავალში ვიყურებით, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საერთო ღირებულებები და ერთობლივი ინტერესები ჩვენს გაერთიანებას გააგრძელებს“, – განაცხადა ელისაბედ მეორემ.

თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ს შორის ძვირფასი მეგობრობა სამოცდაათი წელია გრძელდება. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აშშ-სა და ბრიტანეთს საერთო ღირებულებები როგორიცაა თავისუფლება, სუვერენიტეტი და თვითმყოფადობა მომავალშიც გააერთიანებს. მან დედოფალს აღნიშნული ღირებულებების სიმბოლო უწოდა.

დონალდ ტრამპმა ასევე მადლობა გადაუხადა სამეფო ოჯახს მასპინძლობისთვის.

ბუკინგემის სასახლეში სახელმწიფო ბანკეტს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეიც დაესწრო. დონალდ ტრამპს ოფიციალური მოლაპარაკებები ტერეზა მეისთან 4 ივნისს აქვს დაგეგმილი.
სახელმწიფო ბანკეტამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ვესტმინსტერის სააბატოში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დიდი ბრიტანეთში სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტით დღეს ჩავიდა. მელანია ტრამპის გარდა, მას თან ახლავს შვილი ივანკა ტრამპი და სიძე ჯარედ კუშნერი, ასევე უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ჯონ ბოლტონი.