დონალდ ტრამპი - ჩვენი ქვეყნის ფერმერები ზარალდებიან, რადგან ჩინეთი სოიოს „მოლაპარაკების“ მიზეზით არ ყიდულობს, ოთხ კვირაში შევხვდები სი ძინპინს და სოიო იქნება განხილვის მთავარი საკითხი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რამდენიმე კვირაში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდება და მასთან სოიოს ექსპორტის საკითხს განიხილავს.
„ოთხ კვირაში შევხვდები ჩინეთის პრეზიდენტ სი-ს და სოიო იქნება განხილვის მთავარი საკითხი“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, ჩინეთი განზრახ არ ყიდულობს ამერიკულ სოიოს, რაც აშშ-ში ფერმერებს აზარალებს.
„ჩვენი ქვეყნის ფერმერები ზარალდებიან, რადგან ჩინეთი სოიოს „მოლაპარაკების“ მიზეზით არ ყიდულობს. ჩვენ გადასახადებიდან ძალიან ბევრი ფული მივიღეთ და ამ ფულის მცირე ნაწილს ჩვენი ფერმერების დასახმარებლად გამოვიყენებთ“, – აცხადებს ტრამპი.
ამასთან, დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა არ აღასრულა შეთანხმება ჩინეთთან, რომლის მიხედვითაც, ჩინეთს უნდა შეეძინა მილიარდობით დოლარის ამერიკული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია.