დონალდ ტრამპი - ჩვენი ქვეყნის დროშები სანახევროდ დაეშვა პაპ ფრანცისკეს პატივსაცემად, ის იყო კარგი ადამიანი, მას უყვარდა მსოფლიო და ჩემთვის პატივია ამის გაკეთება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რომის პაპის, ფრანცისკეს „ხსოვნის პატივსაცემად“ დროშების დაშვების ბრძანება გასცა. ბრძანება ვრცელდება აშშ-ის ყველა სახელმწიფო შენობაზე, სამხედრო ობიექტსა და საზღვაო გემზე.
დონალდ ტრამპის მიერ გაცემული ბრძანება ასევე ეხება შეერთებული შტატების საელჩოებსა და საკონსულო დაწესებულებებს.
დროშები დაშვებული იქნება პაპის დაკრძალვის დღის მზის ჩასვლამდე.
ამასთან, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლში გამართულ სააღდგომო ღონისძიებაზე პატივი მიაგო პაპ ფრანცისკეს ხსოვნას და მას „კარგი ადამიანი“ უწოდა.
„ახლახან ხელი მოვაწერე აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის თანახმადაც, ჩვენი ქვეყნის დროშები სანახევროდ დაეშვება პაპ ფრანცისკეს პატივსაცემად. ის იყო კარგი ადამიანი. ის ბევრს მუშაობდა. მას უყვარდა მსოფლიო და ჩემთვის პატივია ამის გაკეთება“, – განაცხადა ტრამპმა.
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კარდინალი ხორხე მარიო ბერგოლიო კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლად აირჩიეს 2013 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც პაპი ბენედიქტ XVI გადადგა. ის იყო პირველი ლათინოამერიკელი იეზუიტი პაპი და ერთ-ერთი უხუცესი ეკლესიის ისტორიაში.