დონალდ ტრამპი - ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებები შესაძლოა, უდიდესი გარიგებით დასრულდეს
დონალდ ტრამპი - ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებები შესაძლოა, უდიდესი გარიგებით დასრულდეს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეასთან დაგეგმილი მოლაპარაკებები შესაძლოა, წარუმატებლობით ან უდიდესი გარიგებით დასრულდეს, რაც კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის განმუხტვას შეუწყობს ხელს.

„შემიძლია, სწრაფად წავიდე ან ჩვენ შეგვიძლია დავსხდეთ და მსოფლიოსთვის უდიდესი გარიგება დავდოთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა პენსილვანიაში წინასაარჩევნო მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას.

დონალდ ტრამპის თქმით, მას სჯერა, რომ ჩრდილოეთ კორეას მშვიდობა სურს და მოლაპარაკებების მიმდინარეობისას ბალისტიკურ რაკეტებს არ გაუშვებს.

„ვფიქრობ, ჩვენ დიდი ძალა ვაჩვენეთ და ეს ასევე მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მიმდინარე კვირას ჩრდილოეთ კორესის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა აშშ-ის პრეზიდენტს შეხვედრა შესთავაზა, რასაც დონალდ ტრამპი დასთანხმდა.

დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენი ინის შეხვედრა შესაძლოა, მაისის ბოლომდე შედგეს, თუმცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებებისთვის მზადებას შესაძლოა, გაურკვეველი დრო დასჭირდეს. ამასთან, თეთრი სახლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შეხვედრა არ შედგება, თუ ფხენიანი კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს.