დონალდ ტრამპი ჩინეთის საქონელზე ტარიფების გაზრდას არ გამორიცხავს
დონალდ ტრამპი ჩინეთის საქონელზე ტარიფების გაზრდას არ გამორიცხავს

დონალდ ტრამპი ჩინეთის საქონელზე ტარიფების გაზრდას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა Wall Street Journal-თან მიცემული ინტერვიუს დროს ისაუბრა.

დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში ჩინეთის ლიდერთან შეხვედრამდე, რამდენიმე დღით ადრე თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ ჩინეთთან რაიმე სახის კომპრომისის მიღწევა ნაკლებად სავარაუდოა.

როგორც ინტერვიუში დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ის სავარაუდოდ, ჩინეთის შეთავაზებას არ დათანხმდება და ჩინურ საქონელზე არსებულ 10- პროცენტიან ტარიფებს 25 პროცენტამდე გაზრდის.

2019 წლიდან დაგეგმილი ტარიფები საერთო ჯამში 200 მილიარდი დოლარის ოდენობის არის.

Wall Street Journal-თან ინტერვიუში დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ თუ მხარეებს შორის მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდება, ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთის სხვა საქონელზეც დააწესებს ტარიფებს, რაც საერთო ჯამში 267 მილიარდ დოლარს შეადგენს.

პესიმისტური განწყობის მიუხედავად, დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი მოლაპარაკებას შეძლებენ.

დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის შეხვედრა რამდენიმე დღეში, ბუენოს-აირესში, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში იგეგმება.