დონალდ ტრამპი - ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ახლა წარმოუდგენლად სუსტია, აპარატზეა შეერთებული
დონალდ ტრამპი - ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ახლა წარმოუდგენლად სუსტია, აპარატზეა შეერთებული

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ახლა წარმოუდგენლად სუსტია იმ სისულელის წაკითხვის შემდეგ, რაც გამოგვიგზავნეს, არც კი დამისრულებია კითხვა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ტექსტის წაკითხვაზე დროს არ დაკარგავს.

„ვთქვი, რომ მის წაკითხვაზე დროს არ დავკარგავდი. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ახლა აპარატზეა შეერთებული, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ამას კარგად გაიგებენ. როდესაც ექიმი შემოდის და გეუბნება, თქვენს ახლობელს გადარჩენის დაახლოებით ერთი პროცენტი შანსი აქვს“, – აცხადებს ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონი მთელი მსოფლიოს ინტერესებს ემსახურება და სხვა ქვეყნების ლიდერებს, რომლებსაც ძალაუფლება აქვთ, ეს უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ არ გააკეთეს.

„ირანს თუ ექნება ბირთვული იარაღი, ახლო აღმოსავლეთი გაქრება, ისრაელი გაქრება და შემდეგ ისინი ალბათ ევროპას დაარტყამენ. ფიქრობენ, რომ მე ამით დავიღლები, ან მომბეზრდება, ან რაიმე ზეწოლა იქნება, მაგრამ ზეწოლა არ არის. საერთოდ არანაირი ზეწოლა არ არის. ჩვენ სრულ გამარჯვებას მივაღწევთ. თეორიულად, ჩვენ უკვე მივაღწიეთ სრულ გამარჯვებას სამხედრო თვალსაზრისით. შეხედეთ, მათი ფლოტი მკვდარია. მათ ჰყავდათ ას ორმოცდაცხრამეტი გემი. ამჟამად მათ არაფერი ჰყავთ, გარდა პატარა სწრაფმავალი ნავებისა, რომლებსაც ჩვენ დღეში რვას ვანადგურებთ. მათ არ ჰყავთ საჰაერო ძალები. მათ არ ჰყავთ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები. მათ არ აქვთ რადარი. გულწრფელად რომ ვთქვათ, მათი ლიდერები მოკლეს პირველ დონეზე, მეორე დონეზე და ნახევარი მესამე დონეზე. შემდეგ ისინი ბრუნდებიან და მოლაპარაკება სურთ, სულელურ წინადადებას გვთავაზობენ. ეს სულელური წინადადებაა და არავინ მიიღებს მას, თუმცა ობამა მიიღებდა. ბაიდენი მიიღებდა. რაც მათ მიიღეს, გაცილებით უარესი იყო. ამიტომ, ჩვენ ორჯერ შევაჩერეთ ისინი“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, ირანის ხელისუფლებაში ორი ჯგუფია: ზომიერები და გიჟები. ტრამპის თქმით, ზომიერები უფრო პატივსაცემი არიან, გიჟებს კი ბოლომდე ბრძოლა სურთ.

გუშინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს პაკისტანის მეშვეობით გაეგზავნა ირანის შეთავაზება, რომელიც მოიცავს ომის დასრულებას ყველა ფრონტზე, სანქციების მოხსნას, აშშ-ის საზღვაო ბლოკადის დასრულებას და თავდაუსხმელობის გარანტიებს.