დონალდ ტრამპი ბოდიშის მოხდას ითხოვს ეპისკოპოსისგან, რომელმაც მას მიგრანტებისა და ლგბტ პირების მიმართ გულმოწყალების გამოჩენისკენ მოუწოდა
დონალდ ტრამპმა ეკლესიისგან ბოდიშის მოხდა მას შემდეგ მოითხოვა, რაც ვაშინგტონის ეპისკოპოსმა სამშაბათს, 21 იანვარს, ქადაგების დროს, აშშ-ს პრეზიდენტს მიგრანტებისა და ლგბტქ+ პირების მიმართ გულმოწყალების გამოჩენისკენ მოუწოდა.
„ჩვენი ღმერთის სახელით გთხოვთ, გულმოწყალება გამოიჩინოთ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ახლა შეშინებულები არიან“, – სთხოვა მეუფე მარიან ბუდემ პრეზიდენტ ტრამპს სამშაბათს, 21 იანვარს, ვაშინგტონის ეროვნულ საკათედრო ტაძარში.
„დემოკრატების, რესპუბლიკელების და აპოლიტიკურ ოჯახებში ცხოვრობენ გეების, ლესბოსელებისა და ტრანსგენდერების შვილები, რომელთაგან ზოგიერთი შიშობს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია“, – განაცხადა ბუდემ.
დონალდ ტრამპი ეპისკოპოსის თხოვნას უკვე გამოეხმაურა და მისგან და ეკლესიისგან საჯარო ბოდიშის მოხდა მოითხოვა. სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ის პრეზიდენტი მარიან ბუდეს „რადიკალური მემარცხენეების“ წარმომადგენელს უწოდებს და განაცხადა, რომ ის „არც ინტელექტუალურია და არც დამაჯერებელი“.
„მისი შეუსაბამო განცხადებების გარდა, ქადაგება იყო ძალიან მოსაწყენი და შთაგონებას მოკლებული. ის თავის საქმეში ძალიან კარგი ვერ არის! მან და მისმა ეკლესიამ საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადონ!“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში.
ქადაგების დროს, ბუდემ პრეზიდენტს გულმოწყალების გამოჩენა მიგრანტების მიმართაც სთხოვა და აღნიშნა, რომ „მათი დიდი უმრავლესობა კრიმინალი არ არის“.
„ისინი, შესაძლოა, აშშ-ის მოქალაქეები არ იყვნენ ან დოკუმენტები არ ჰქონდეთ, მაგრამ მათი უმეტესობა კრიმინალი არ არის“, – განაცხადა ეპისკოპოსმა.
„ისინი იხდიან გადასახადებს, კარგი მეზობლები არიან და ჩვენი ეკლესიების, მეჩეთების, სინაგოგებისა და ტაძრების ერთგულ მრევლს წარმოადგენენ. გთხოვთ, ბატონო პრეზიდენტო, შეიცოდოთ ბავშვები, რომლებსაც ეშინიათ, რომ მშობლებს წაართმევენ“, – მიმართა მან ტრამპს და ასევე სთხოვა პრეზიდენტს, „დაეხმაროს მათ, ვინც საომარი მოქმედებებისა და დევნის ზონებიდან გამოიქცა და ცდილობს, აქ თანადგომა და ადამიანური სითბო იპოვოს“.
თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქადაგების დროს არაფერი თქმულა მრავალ არალეგალურ მიგრანტზე, რომლებიც შეერთებულ შტატებში ჩავიდნენ და „ხალხი დახოცეს“. აშშ-ის პრეზიდენტი ქვეყანაში ძალადობრივი დანაშაულების „მოქცევის ტალღაზეც“ ამახვილებს ყურადღებას.
„მან არ ახსენა არალეგალური ემიგრანტების ის დიდი რაოდენობა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში შემოვიდნენ და ხალხი დახოცეს. ბევრი მათგანი პირდაპირ ციხეებიდან და ფსიქიატრიული კლინიკებიდან არის წამოყვანილი. ეს არის დანაშაულის გიგანტური ტალღა, რომელიც შეერთებულ შტატებში ბობოქრობს“, – განაცხადა ტრამპმა.
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობის პირველივე საათებში, დონალდ ტრამპმა 100-მდე აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი. ტრამპის პირველი ნაბიჯები მიზნად ისახავს ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკის შეცვლას, რომელიც მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობას, აგრეთვე ლგბტქ+ და რასობრივი უმცირესობების უფლებების დაცვას ემსახურებოდა.
ტრამპის ერთ-ერთი განკარგულება ფედერალურ მთავრობას ავალდებულებს, აღიაროს მხოლოდ ორი სქესი: მამრობითი და მდედრობითი. სხვა განკარგულებებით, მან გააუქმა აშშ-ის მოქალაქეობის ავტომატურად მინიჭება შეერთებულ შტატებში დაბადებული ბავშვებისთვის, რომელთა მშობლები არალეგალური მიგრანტები არიან, ასევე შეაჩერა დევნილთა მიღების პროგრამა. გარდა ამისა, ტრამპი პირობას იძლევა, რომ ქვეყანაში მიგრანტთა უკანონოდ შემოსვლის აღსაკვეთად, სამხრეთ საზღვარზე ჯარებს გაგზავნის.