დონალდ ტრამპი ბიზნესგარიგებების შესახებ ავსტრალიელი ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა - თქვენ ახლა ავსტრალიას ძალიან დიდ ზიანს აყენებთ
დონალდ ტრამპი ბიზნესგარიგებების შესახებ ავსტრალიელი ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა - თქვენ ახლა ავსტრალიას ძალიან დიდ ზიანს აყენებთ

ავსტრალიელი ჟურნალისტის კითხვამ, რომელიც დონალდ ტრამპის თანამდებობაზე ყოფნის დროს დადებულ ბიზნესგარიგებებს ეხებოდა, აშშ-ის პრეზიდენტის გაღიზიანება გამოიწვია.

კერძოდ, ავსტრალიელი ჟურნალისტის კითხვაზე, „რამდენად გამდიდრდა ამერიკის პრეზიდენტი იანვარში, თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ?“ – ტრამპმა განაცხადა, რომ ოჯახურ ბიზნესებს მისი შვილები მართავენ. ამასთან, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტს მიმართა, რომ ის „ცუდი ტონით“ საუბრობდა და განუმარტა, რომ მსგავსი საუბრით ავსტრალიას ზიანს აყენებს.

„ჩემი აზრით, თქვენ ახლა ავსტრალიას ძალიან დიდ ზიანს აყენებთ, მათ ჩემთან ურთიერთობა სურთ. თქვენი ლიდერი ძალიან მალე შემხვდება და მას თქვენ შესახებ მოვუყვები. თქვენ ძალიან ცუდი ტონი გაქვთ“, – უთხრა დონალდ ტრამპმა ავსტრალიელ ჟურნალისტს.

ტრამპმა ჟურნალისტს ასევე მიმართა, რომ კითხვების დასმა შეეწყვიტა და თავად სხვა ჟურნალისტებთან გადაინაცვლა.

ცნობისთვის, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანეზი აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრას მას შემდეგ ცდილობს, რაც ტრამპმა ივნისში G20-ის სამიტი მოსალოდნელზე ადრე დატოვა და მოლაპარაკებები ბოლო მომენტში გაუქმდა. რამდენიმე დღის წინ ალბანეზიმ მედიასთან საუბრის დროს განაცხადა, რომ ის და ტრამპი ერთმანეთს ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდებიან. აღსანიშნავია, რომ აშშ-ავსტრალიას შორის ურთიერთობა ბოლო თვეებში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტრამპმა ქვეყანას ახალი სავაჭრო ტარიფები დაუწესა, ავსტრალიამ კი ეს ნაბიჯი „არამეგობრულ“ ქმედებად შეაფასა.