დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს არჩევნებში მხარდაჭერას უცხადებს – „ბიბი ნეთანიაჰუ ძლიერი, მამაცი და გამჭრიახი იყო უზარმაზარი წინააღმდეგობის პირობებში, ის არასდროს გაგიცრუებთ იმედს“
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მომავალ არჩევნებში მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში წერს, სადაც ისრაელის მოსახლეობას მიმართავს.
ტრამპის განცხადებით, ნეთანიაჰუ ძლიერი ლიდერი და აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„ისრაელის დიდებულ ხალხს: ბიბი ნეთანიაჰუ შესანიშნავი პრემიერ-მინისტრი და მებრძოლი იყო, ხოლო ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მშვიდობისთვის ბრძოლაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორია. ირანის ისლამურ რესპუბლიკას უკვე 51 წელია, აქვს მოწოდება: „სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას! ჩვენ გავანადგურებთ პატარა სატანასა და დიდ სატანას“. რომელ ქვეყანას შეუძლია გადარჩენა, როდესაც ასეთი განცხადებების გაკეთების უფლებას იძლევიან? ხომ იცით, ადრე თუ გვიან ეს სიტყვები ყოველთვის რეალობად იქცევა. მხოლოდ დროის საკითხი იყო, როდის მოიყვანდა ირანი ამ შემზარავ მუქარას სისრულეში, თუმცა მისი სამხედრო და ფინანსური შესაძლებლობები განადგურდა. ისინი სწრაფად თუ არ შეცვლიან თავიანთ მიდგომას, ჩვენ საქმეს მალე ბოლომდე მივიყვანთ“, – წერს ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ისრაელს არასწორი ლიდერი თუ ეყოლება, რაც, მისი თქმით, ნეთანიაჰუს გარდა, ნებისმიერი სხვა ლიდერის არჩევას ნიშნავს, ირანის წინააღმდეგ ბრძოლა შესაძლოა, თავად აშშ-ს მოუწიოს.
„ისრაელს თუ ეყოლება არასწორი ლიდერი, ანუ ნებისმიერი სხვა, ბიბის გარდა, ამ საქმის შესრულება თავად ამერიკას მოუწევს, მე კი ამის გაკეთებას არ ვაპირებ. ბიბი ნეთანიაჰუ ძლიერი, მამაცი და გამჭრიახი იყო უზარმაზარი წინააღმდეგობის პირობებში, მათ შორის ისრაელის შიგნით არსებული წინააღმდეგობის მიუხედავადაც. ამ ყველაფრის მიუხედავად, მან გაუძლო და, მეტიც, წარმატებას მიაღწია. ვაკვირდებოდი ბიბის უმძიმეს პერიოდებში. ასეთ ვითარებაში ჩვეულებრივი ქალები და კაცები ზეწოლას ვერ გაუძლებდნენ, მაგრამ ბიბი არ გატყდა, პირიქით, კიდევ უფრო გაძლიერდა და დღესაც იმავე სიმტკიცეს ინარჩუნებს“, – წერს ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ისრაელს სწორედ ასეთი პარტნიორი სჭირდება და მისი წერილით ნეთანიაჰუს მიმართ სრულ და უპირობო მხარდაჭერას გამოხატავს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა ასარჩევად.
„გთხოვთ, ეს წერილი ჩაითვალოს ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტზე მომავალ არჩევნებში ბიბი ნეთანიაჰუს ხელახლა არჩევის ჩემს სრულ და უპირობო მხარდაჭერად. ბიბი ნეთანიაჰუ არასდროს გაგიცრუებთ იმედს“, – წერს ტრამპი.
ცნობისთვის, ისრაელში საპარლამენტო არჩევნები 2026 წლის 27 ოქტომბერს გაიმართება.