დონალდ ტრამპი - ბაიდენს მიაჩნია, რომ კორონავირუსის პერიოდში ჩინეთთან საზღვარი არ უნდა ჩაკეტილიყო
დონალდ ტრამპი - ბაიდენს მიაჩნია, რომ კორონავირუსის პერიოდში ჩინეთთან საზღვარი არ უნდა ჩაკეტილიყო

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ბაიდენს მიაჩნია, რომ კორონავირუსის პერიოდში ჩინეთთან საზღვარი არ უნდა ჩაკეტილიყო. ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ქალაქ ნეშვილში გამართული სატელევიზიო დებატების დროს გააკეთა.

„როდესაც დავხურე ეკონომიკა, ბაიდენი ამბობდა, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა. ნენსი პელოსი სან ფრანცისკოში ჩინურ უბანში ცეკვავდა, როდესაც მე ამის შესახებ ვლაპარაკობდი. როდესაც მაინც დავხურე ყველაფერი, ბაიდენმა თქვა, რომ ეს საშინელებაა. დემოკრატები მე რასისტსაც კი მიწოდებდნენ, როდესაც ჩინეთთან საზღვარი ჩავკეტე. ახლა კი ჩემი ოპონენტი ამბობს, რომ ადრე უნდა დამეხურა ყველაფერი“, – განაცხადა ტრამპმა.

თავის მხრივ, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის კორონავირუსთან ბრძოლის დროს ქვეყანას კი არ დახურავდა, არამედ ვირუსს გაანადგურებდა.

„აშშ-ის დახურვის მიზეზი ტრამპის ნაბიჯები იყო. სწორედ მისი ქმედებების გამო გახდა ბიზნესი იძულებული, საქმიანობა შეეწყვიტა. სკოლები დაიხურა და უამრავი ადამიანი დარჩა უმუშევარი. ტრამპს უნდა გაემართა მოლაპარაკებები დემოკრატებთან, რათა ამერიკელ ხალხს ფინანსური მხარდაჭერა მიეღო“, – განაცხადა ბაიდენმა.

ამასთან, ბაიდენმა თქვა, რომ თუ კორონავირუსის გავრცელების ტემპი მაღალია, აუცილებელია სოციალური დისტანციის დაცვა და სხვადახვა დაწესებულება, მათ შორის კაფე-ბარები და სკოლები დაიხუროს, ვიდრე სიტუაცია კონტროლს არ დაექვემდებარება.