დონალდ ტრამპი - აშშ-ის შეიარაღებული ძალები მზად არიან, აუცილებლობის შემთხვევაში, პასუხი გასცენ ფხენიანის სულელურ ან უგუნურ ქმედებას
დონალდ ტრამპი - აშშ-ის შეიარაღებული ძალები მზად არიან, აუცილებლობის შემთხვევაში, პასუხი გასცენ ფხენიანის სულელურ ან უგუნურ ქმედებას

ამერიკის შეიარაღებული ძალები მზად არიან, აუცილებლობის შემთხვევაში, პასუხი გასცენ ჩრდილოეთ კორეის სულელურ ან უგუნურ ქმედებას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ იაპონია და სამხრეთ კორეა მზად არიან, აშშ-ის ოპერაციის ხარჯების ნაწილი საკუთარ თავზე აიღონ, თუ ასეთი სამწუხარო სიტუაცია შეიქმნება.

ამის მიუხედავად, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობა, აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის სამიტი გაიმართოს. მან იმედი გამოთქვა, რომ კიმ ჩენ ინი კვლავ ჩაერთვება კონსტრუქციულ დიალოგში.

„ვიმედოვნებ, რომ კიმ ჩენ ინი საბოლოოდ გააკეთებს იმას, რაც სწორია არამხოლოდ მისთვის, არამედ, რაც ყველაზე მთავარია, მისი ხალხისთვის, რომელიც უსარგებლოდ იტანჯება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ჩრდილოეთ კორეის სამიტის გაუქმებას პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეაზე ძლიერი დარტყმა და მთელი მსოფლიოსთვის წარუმატებლობა უწოდა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს წერილი გაუგზავნა, რომლშიც სინგაპურში 12 ივნისს დაგეგმილი აშშ-ჩრდილოეთ კორეის სამიტის გაუქმების შესახებ განაცხადა. წერილში დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ კიმ ჩენ ინის ბოლო განცხადებები სიბრაზესა და ღია მტრობას შეიცავს, ამიტომ აშშ-ის პრეზიდენტი სამიტის გამართვას ამ ეტაპზე შეუსაბამოდ მიიჩნევს.