დონალდ ტრამპი – აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, აღარ მსურს მათთან საქმის დაჭერა, ისინი ნაძირლები არიან
აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატო-ს გენერალურ მდივანთნ, მარკ რუტესთან შეხვედრის დროს განაცხადა.
„ვფიქრობ, ის დასრულდა. აღარ მსურს მათთან საქმის დაჭერა. ისინი ნაძირლები არიან. იცით, რა არის ნაძირალა? ისინი ნაძირლები არიან, ავადმყოფი ხალხია. მათ ავადმყოფი ადამიანები მართავენ. სასტიკი, მოძალადე ხალხია. ბირთვული იარაღი რომ ჰქონდეთ, გამოიყენებდნენ კიდეც. რაც შემეხება მე, ყველაფერი დასრულდა. ჩვენს მომლაპარაკებლებს დაველაპარაკები. მათ სურთ მოლაპარაკება, ისინი კარგი ადამიანები არიან – სტივ უიტკოფი, ჯარედ კუშნერი, მაგრამ გადაწყვეტილების მისაღებად ჩემთან უნდა დაბრუნდნენ. ჩემი აზრით, მათთან საქმის დაჭერა უბრალოდ დროის კარგვაა. ისინი მატყუარები არიან. ყველა თანხმდება – არანაირი ბირთვული იარაღი. ჩვენ შეთანხმებას ვდებთ. ისინი გადიან გარეთ, ელაპარაკებიან პრესას და ამბობენ, ამაზე საერთოდ არც კი გვისაუბრიაო. მათ რაღაც სჭირთ, გიჟები არიან“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, თუ სურვილი იქნება, აშშ-ის მომლაპარაკებლებს საუბრის გაგრძელების საშუალებას მისცემს, თუმცა ამის აუცილებლობას ვერ ხედავს.
ამასთან, ტრამპის თქმით, „წარმატებული გარიგებების დამდებია“, თუმცა „მას საქმე აქვს ირანელებთან, რომლებიც სულ სხვა სკოლიდან არიან“.
„ჩვენ ისინი არ მოგვწონს, მე ისინი არ მომწონს, ბოროტი ხალხია. ვფიქრობ, საერთოდ არც ესმით, რა ჯანდაბას აკეთებენ. ბოროტი, ავადმყოფი ადამიანები არიან და ჩვენ ეს კიბო უნდა მოვიშოროთ. ისინი კიბო არიან. იცით, რა უნდა გააკეთოთ ასეთ დროს? კიბო ადრეულ სტადიაზევე უნდა ამოკვეთო“, – აღნიშნა ტრამპმა.