დონალდ ტრამპი - არსებობს ქვეყანა, რომელიც ფიქრობს ომის დაწყებას, რის შესახებაც ამ ოთახში არავის სმენია, ორი პატარა ქვეყანა, მაგრამ მაინც დიდი და ვფიქრობ, მე ეს შევაჩერე
მე შემიჩერებია ომები, რის შესახებაც არავის სმენია. არსებობს ქვეყანა, რომელიც ფიქრობს ომის დაწყებას, რის შესახებაც ამ ოთახში არავის სმენია, ორი პატარა ქვეყანა, მაგრამ მაინც დიდი და ვფიქრობ, მე ეს შევაჩერე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, აშშ-ს არ უნდა დაეშვა, რომ უკრაინაში ომი მომხდარიყო.
„აშშ-ს მართავდა კაცი, რომელმაც ბევრი არაფერი იცოდა, რბილად რომ ვთქვა, არაკომპეტენტური პიროვნება, ძალიან არაკომპეტენტური. მას არ უნდა დაეშვა, რომ ეს მომხდარიყო. მე შემიჩერებია ომები, მე შემიჩერებია ბევრი ომი, ამას გეტყვიან. მე შემიჩერებია ომები, რის შესახებ არავის სმენია, მე შემიჩერებია ომები მათ დაწყებამდე. მე დაგისახელებდით ბევრ ქვეყანას, რომლებიც, ახლავე გეტყოდნენ, რომ ისინი სავარაუდოდ ომს აპირებდნენ. ახლავე გეტყვით, რომ არსებობს ქვეყანა, რომელიც ფიქრობს ომის დაწყებას, რის შესახებაც ამ ოთახში არავის სმენია, ორი პატარა ქვეყანა, მაგრამ მაინც დიდი და ვფიქრობ, მე ეს შევაჩერე“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა სასურველი შედეგით არ დასრულდა – მინერალების შესახებ შეთანხმება არ შედგა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ზელენსკი უპატივცემულობაში ღიად დაადანაშაულა, ტრამპის ადმინისტრაციამ კი უკრაინის ლიდერს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა. ტრამპმა თქვა ისიც, რომ ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი მშვიდობისთვის მზად არ არის.
დონალდ ტრამპის, ჯეი დი ვენსისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ცხარე კამათსა და ხმამაღალ საუბარს მძაფრი საერთაშორისო გამოხმაურებები მოჰყვა.