დონალდ ტრამპი - არავითარ შემთხვევაში არ მივიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა ცუდად მართულ დემოკრატიულ ქალაქში, საპროტესტო აქციებსა თუ არეულობებში, ვიდრე ისინი დახმარებას არ გვთხოვენ
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანს, კრისტი ნოემს დავავალე, რომ არავითარ შემთხვევაში არ მივიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა ცუდად მართულ დემოკრატიულ ქალაქში, მათ საპროტესტო აქციებსა თუ არეულობებში, ვიდრე ისინი დახმარებას არ გვთხოვენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, იმიგრაციისა და საბაჟო კონტროლის სამსახური მკაცრად დაიცავს ყველა იმ ფედერალურ შენობას, რომელსაც „მაღალანაზღაურებადი შეშლილები, აგიტატორები და ამბოხებულები“ ესხმიან თავს.
„ჩვენს ოფიცრებს სახეში არ შეაფურთხებენ, არ მოხდება ჩვენი მანქანების ფარებზე ფეხის ან მუშტების დარტყმა, არ მოხდება ჩვენი მანქანებისთვის ან ჩვენი პატრიოტი მეომრებისთვის ქვების ან აგურების სროლა. ეს თუ მოხდება, ეს ადამიანები იმავენაირად ან კიდევ უფრო მეტად დაზარალდებიან“, – აღნიშნავს ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, გუშინ ორეგონის შტატში დამნაშავეები ფედერალურ შენობაში შეიჭრნენ და შიგნით მყოფ ადამიანებს ზიანი მიაყენეს და ადგილობრივმა პოლიციამ მათ შესაჩერებლად ვერაფერი გააკეთა.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, ამას აღარ დაუშვებს და ყველგან, სადაც ადგილობრივი ხელისუფლება „აგიტატორებთან“ გამკლავებას ვერ შეძლებს, მათ ფედერალური მთავრობა დაეხმარება.
„შეგვატყობინეთ, როდის იქნებით მზად და ჩვენ იქ ვიქნებით, მაგრამ ვიდრე ამას გავაკეთებთ, უნდა გამოიყენოთ სიტყვა – „გთხოვთ“. გახსოვდეთ, ფრთხილად იყავით – იმიგრაციისა და საბაჟო კონტროლის სამსახური, სასაზღვრო პატრული ან, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი სამხედრო ძალები უკიდურესად ძლიერი და მკაცრი იქნებიან ჩვენი ფედერალური ქონების დასაცავად. ჩვენ არ დავუშვებთ, ჩვენი სასამართლოები, ფედერალური შენობები ან ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი სხვა ნებისმიერი ობიექტი რაიმე ფორმით დაზიანდეს. მე ამირჩიეს სასაზღვრო კონტროლის პოლიტიკის (რომელიც ახლა დახვეწილია!), ეროვნული უსაფრთხოებისა და კანონისა და წესრიგის საფუძველზე – ეს არის ის, რაც ამერიკას სურს და ეს არის ის, რასაც ამერიკა იღებს“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.