დონალდ ტრამპი - არავინ იცის, რისი გაკეთება მინდა, მაგრამ ერთს ვიტყვი, ირანს ბევრი პრობლემა შეექმნა და მოლაპარაკება უნდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირან-ისრაელის კონფლიქტში შეერთებული შტატების შესაძლო ჩართვასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას უპასუხა.
მისი თქმით, შეიძლება ეს გააკეთოს, შეიძლება – არა.
„არ ვიცი, შეიძლება, ეს გავაკეთო, შეიძლება – არა. არავინ იცის, რისი გაკეთება მინდა. მაგრამ ერთს ვიტყვი, ირანს ბევრი პრობლემა შეექმნა და მოლაპარაკება უნდა“, – განუცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს.
როგორც „ბიბისი“ წერს, აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადება, რომ ირანი მეტად უნდა ყოფილიყო მზად მოლაპარაკებებისთვის, ვიდრე ისრაელი მასზე იერიშს მიიტანდა.
ამასთან, ჟურნალისტებმა დონალდ ტრამპს ჰკითხეს, თუ რა უთხრა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს გუშინ გამართული სატელეფონო საუბრის დროს.
„გააგრძელე“, – ასე უპასუხა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს.
ტრამპის თქმით, ნეთანიაჰუ კარგი კაცია, რომელიც კარგ საქმეს აკეთებს. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ნეთანიაჰუს საკუთარ ქვეყანაში არასამართლიანად ექცევიან.