დონალდ ტრამპი - „ანტიფა“ დიდ საფრთხეს წარმოადგენს ხალხისთვის, მაგრამ ჩვენ ძალიან დიდ საფრთხეს წარმოვადგენთ მათთვის, გაცილებით დიდს, ვიდრე ისინი ოდესმე ყოფილან ჩვენთვის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ფედერალური სამართალდამცავი ორგანოები „ძალიან სერიოზული საფრთხე” იქნება „ანტიფასთვის“.
თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაცია მკაცრ ზომებს მიიღებს „ანტიფას“ წინააღმდეგ.
„ისინი დიდ საფრთხეს წარმოადგენენ ხალხისთვის, მაგრამ ჩვენ ძალიან დიდ საფრთხეს წარმოვადგენთ მათთვის, გაცილებით უფრო დიდს, ვიდრე ისინი ოდესმე ყოფილან ჩვენთვის. ეს მოიცავს იმ ადამიანებსაც, ვინც მათ აფინანსებს”,- განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, „ანტიფას“ მიერ შთაგონებული ტერორის ეპიდემია თითქმის ათი წელია, ესკალაციას განიცდის.
„უნივერსიტეტებში „ანტიფა“ ორგანიზებას უწევს ბრბოებს კამპუსის სპიკერებზე თავდასხმისთვის. მე ამას მუდმივად ვხედავ. ესენი არიან აგიტატორები, ანარქისტები და ისინი ანაზღაურებას იღებენ. ამას ძალიან მალე გაიგებთ. უნდა ნახოთ, რა ინფორმაციები გვაქვს ამ ადამიანებზე. ისინი ძალიან ცუდი ადამიანები არიან, ადამიანები, რომლებიც სურთ ჩვენი ქვეყნის განადგურება. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს მოხდეს“,- განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ „ანტიფამ“ გამოიყენა შეიარაღებული დაჯგუფებები ადგილობრივ პოლიციაზე თავდასხმისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით. მისივე თქმით, ისინი თავს დაესხნენ ჟურნალისტებსაც, რომლებიც აშუქებდნენ მათ დანაშაულებს.
„ჟურნალისტებო, რომლებიც აშუქებდით მათ დანაშაულებს – არ ინერვიულოთ, თქვენ ძალიან უსაფრთხოდ ხართ. იმედი მაქვს, ეს არ შეგაშინებთ”, – მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენლებს.
ამასთან, ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა წინა ადმინისტრაციის პოლიტიკა.
„წინა ადმინისტრაციის დროს იუსტიციის დეპარტამენტი ერთგულ კათოლიკეებს, ქრისტიანებსა და პატრიოტ მშობლებს შიდა ექსტრემისტებად მიიჩნევდა. ისინი ამბობდნენ: „ოჰ, ისინი ექსტრემისტები არიან, რადგან ღმერთის სწამთ, ისინი ექსტრემისტები არიან, რადგან კათოლიკურ ეკლესიაში დადიან“,- განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მის ადმინისტრაციას სრულიად განსხვავებული მიდგომა აქვს.
„ტრამპის ადმინისტრაციის დროს, ჩვენ მივწვდებით „ანტიფას“ კრიმინალებს და ყველას, ვინც აფინანსებს და მხარს უჭერს მათ კამპანიებს, სერიოზული პრობლემები აქვს. ჩვენ უკვე ბევრი ჩანაწერი გვაქვს, ბევრი სიურპრიზი, ბევრი ცუდი სიურპრიზი”, – აღნიშნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანტიფაშისტური მოძრაობა „ანტიფა“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.