დონალდ ტრამპი - ახლახან დავასრულე ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი ჩინეთის პრეზიდენტთან, განვიხილეთ ჩვენი ცოტა ხნის წინ მიღწეული და შეთანხმებული სავაჭრო შეთანხმების ზოგიერთი დეტალი
დონალდ ტრამპი - ახლახან დავასრულე ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი ჩინეთის პრეზიდენტთან, განვიხილეთ ჩვენი ცოტა ხნის წინ მიღწეული და შეთანხმებული სავაჭრო შეთანხმების ზოგიერთი დეტალი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს ტელეფონით ესაუბრა.

როგორც ტრამპი წერს, საუბარი სავაჭრო საკითხებს შეეხო და ორივე ქვეყნისთვის დადებითი დასკვნით დასრულდა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყნის შესაბამისი გუნდები უახლოეს მომავალში ერთმანეთს შეხვდებიან.

„ახლახან დავასრულე ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან, რა დროსაც განვიხილეთ ჩვენი ცოტა ხნის წინ მიღწეული და შეთანხმებული სავაჭრო შეთანხმების ზოგიერთი დეტალი. სატელეფონო საუბარი დაახლოებით საათ-ნახევარი გაგრძელდა და ორივე ქვეყნისთვის ძალიან დადებითი დასკვნით დასრულდა. იშვიათი წიაღისეული პროდუქტების სირთულესთან დაკავშირებით აღარ უნდა არსებობდეს კითხვები. ჩვენი შესაბამისი გუნდები მალე შეხვდებიან ერთმანეთს ლოკაციაზე, რომელიც ჯერ არ არის განსაზღვრული. ჩვენ წარმოდგენილი ვიქნებით სახაზინო მდივნით, სკოტ ბესენტით, ვაჭრობის მდივნით, ჰოვარდ ლუტნიკითა და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლით, ელჩ ჯეიმისონ გრირით”, – წერს დონალდ ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, სი ძინპინმა ის და აშშ-ის პირველი ლედი ჩინეთში მიიწვია, რასაც ტრამპმა ანალოგიური შეთავაზებით უპასუხა.

ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ ჩინელ კოლეგასთან საუბრის დროს რუსეთ-უკრაინისა და ირანის საკითხი არ განხილულა.

„როგორც ორი დიდი ერის პრეზიდენტები, ორივე მოუთმენლად ველოდებით ამას. საუბარი თითქმის მთლიანად ვაჭრობაზე იყო ფოკუსირებული. არაფერი განხილულა რუსეთთან-უკრაინასთან ან ირანთან დაკავშირებით. უახლოეს მომავალში დაგეგმილი შეხვედრის განრიგისა და ადგილმდებარეობის შესახებ მედიას აუცილებლად ვაცნობებთ. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!“ – წერს ტრამპი.