დონალდ ტრამპი – ახლა გადაწყვეტილება უნდა მივიღო, ირანი ან ძალიან სამართლიან შეთანხმებას მოაწერს ხელს, ან აღარ იარსებებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ირანმა „ძალიან სამართლიან შეთანხმებას“ უნდა მოაწეროს ხელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, აღარ იარსებოს.
„ახლა გადაწყვეტილება უნდა მივიღო. ისინი ან ძალიან სამართლიან შეთანხმებას მოაწერენ ხელს, ან აღარ იარსებებენ”, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება და ვაშინგტონი ამ საკითხზე შეთანხმების მიღწევას ელოდება.
„მათ არ შეიძლება, ჰქონდეთ ბირთვული იარაღი და არც ექნებათ. ისინი თანხმდებიან, რომ ბირთვული იარაღი არ ექნებათ”,- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა ასევე ისაუბრა ირანის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და განაცხადა, რომ ქვეყანაში ინფლაციამ 301%-ს მიაღწია, ეროვნული ვალუტა გაუფასურდა, ეკონომიკა კი, მისი თქმით, მძიმე მდგომარეობაშია.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნავთობის ფასი ძალიან მალე შემცირდება.
„ნავთობი ძალიან, ძალიან მალე გაიაფდება. ნავთობის ფასი შემცირდება, როგორც კი ირანთან ყველაფერი დასრულდება, და ეს ფაქტობრივად უკვე ხდება“, – განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.