დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, დღის განმავლობაში ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, დღის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს.
დონალდ ტრამპმა აღნიშნულის შესახებ ნატო-ს სამიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა.
ორმხრივი შეხვედრის დროს ტრამპმა ჟურნალისტებს ჰკითხა, ჰქონდათ თუ არა კითხვები ვლადიმერ პუტინთან.
„გაქვთ კითხვები პუტინთან?“ – ჰკითხა ტრამპმა ჟურნალისტებს. როგორც „სიენენი“ წერს, აღნიშნულმა გამოიწვია გარკვეული დაბნეულობა, თითქოს ტრამპს ზელენსკი პუტინში აერია.
დაბნეულობის გამო ტრამპმა საკუთარი ნათქვამი განმარტა: „დაგვისვით კითხვა არა ზელენსკისთვის, არამედ პუტინისთვის, რადგან დღეს მასთან საუბარს ვაპირებ“.
რაც შეეხება რუსეთ-უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევის მცდელობებს, ტრამპმა საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ მას სურს, ორივე ქვეყნის ლიდერები მოლაპარაკებების მაგიდასთან ერთად დასხდნენ.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ამის შესახებ ესაუბრა პუტინს, რომელიც, მისივე თქმით, მზად იყო შეხვედრისთვის, თუმცა მასპინძლობა მოსკოვში სურდა. ტრამპის განმარტებით, მან ეს იდეა ზელენსკის სახელით უარყო.
ტრამპმა ზელენსკის ჰკითხა, შეხვდებოდა თუ არა პუტინს მოსკოვში. უკრაინის პრეზიდენტმა კითხვას ხუმრობით უპასუხა: „რთულია, იქ ბევრი უკრაინული დრონია. საშიშია“.
ცნობისთვის, ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი ბოლოს 4 ივლისს შედგა და დიალოგი დაახლოებით 90 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.