დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს, სავარაუდოდ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შეხვდება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, სავარაუდოდ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შედგება.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტების შეხვედრამდე ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები – მარკო რუბიო და სერგეი ლავროვი შეხვდებიან.
ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე პუტინთან სატელეფონო საუბრის რამდენიმე საკითხს განიხილავს.
„პრობლემა გვაქვს, ისინი ერთმანეთს კარგად ვერ ეწყობიან. მათ შორის საშინელი ურთიერთობაა“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე აღიარა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, პუტინთან თავისი პირადი ურთიერთობის გამო რუსეთ-უკრაინის ომი უფრო ადვილად მოსაგვარებელი ეგონა. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უფრო თავშეკავებულად უყურებს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების მიწოდების პერსპექტივას.
„ჩვენ „ტომაჰავკები“ ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც გვჭირდება – ბევრი გვაქვს, მაგრამ გვჭირდება. ჩვენ მათ დეფიციტს ვერ შევქმნით. არ ვიცი, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ტრამპმა.