დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფა შესაძლოა, მექანიკური შეცდომის შედეგი იყოს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფა შესაძლოა, მექანიკური შეცდომის შედეგი იყოს

ვინმემ მეორე მხრიდან შესაძლოა, დაუშვა შეცდომა, არა ჩვენმა სისტემამ, ამას ჩვენთან არავითარი საერთო არ აქვს – „სიენენის“ ინფორმაციით ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით განაცხადა. დონალდ ტრამპის თქმით, ზოგი ადამიანი ამბობს, რომ ეს მექანიკური შეცდომა იყო.

„მე მაქვს ჩემი ეჭვები, მაგრამ არ მინდა ამის თქმა, რადგან სხვა ადამიანებს თავიანთი ეჭვები აქვთ. ვინმემ შესაძლოა, დაუშვა შეცდომა მეორე მხარეს, არა ჩვენმა სისტემამ. ამას ჩვენთან არავითარი საერთო არ აქვს. მე მართლა არ ვიცი რა მოხდა. ყველაფერი მათზეა დამოკიდებული. რაღაც პერიოდში ისინი გამოაქვეყნებენ შავ ყუთს. იდეალურ შემთხვევაში შავ ყუთებს ბოინგს მისცემენ. საშინელი რამ მოხდა“ -აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, ამერიკული მედიის ინფორმაციით, თეირანში ჩამოვარდნილ უკრაინულ თვითმფრინავს ირანის ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის მიერ ნასროლი რუსული რაკეტა შეცდომით მოხვდა.

თეირანში 8 იანვარს მომხდარ ავიაკატასტროფას 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი ემსხვერპლა. ირანში აცხადებენ, რომ უკრაინული „ბოინგის“ ჩამოვარდნა ტექნიკურ მიზეზებს უკავშირდება. თავის მხრივ, ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ თვითმფრინავმა ტექნიკური შემოწმება 6 იანვარს გაიარა და რაიმე ხარვეზი დაფიქსირებული არ ყოფილა.