დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინისთვის აშშ-ის მიერ შეთავაზებულ „სამშვიდობო გეგმაზე“ დასათანხმებლად 27 ნოემბერი სწორი ვადაა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინას აშშ-ის მიერ შეთავაზებულ „სამშვიდობო გეგმაზე“ დასათანხმებლად დრო 27 ნოემბრამდე მისცა.
„ფოქს ნიუსის“ პოდკასტის წამყვანმა ტრამპს ჰკითხა, იყო თუ არა მომდევნო ხუთშაბათი ბოლო ვადა, როდესაც უკრაინამ უნდა მიიღოს ამერიკული „სამშვიდობო გეგმა“.
„მე ბევრი ვადა მქონდა, მაგრამ თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ისინი, როგორც წესი, გრძელდება. თუმცა, ჩვენი აზრით, ხუთშაბათი სწორი ვადაა“, – უპასუხა ტრამპმა.
ამერიკის პრეზიდენტმა უარყო წამყვანის შეშფოთება „სამშვიდობო გეგმასთან“, კერძოდ, რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობის აუცილებლობასთან დაკავშირებით.
„ისინი უკვე კარგავენ მიწას. გასულ თვეს მათ (უკრაინამ და რუსეთმა – რედ.), ჯამში, 25 000 ადამიანი დაკარგეს. 25 000 ადამიანი. ეს კონტროლიდან გამოვიდა. ეს სასაკლაოა“, – აღნიშნა ტრამპმა.
შეშფოთებასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა შესაძლოა, მომავალში საფრთხე შეუქმნას ბალტიისპირეთს ან ევროპის სხვა ნაწილებს, ტრამპმა აღნიშნა, რომ „მათ [რუსეთს] შეაჩერებენ“.
„ისინი არ ეძებენ მეტ ომს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, გუშინ მედიაში რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ შინაარსი გავრცელდა. ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ მიხედვით, „რუსეთი მეზობელ ქვეყნებში არ შეიჭრება, ნატო არ გაფართოვდება, ყირიმი, ლუგანსკი და დონეცკი დე ფაქტო აღიარებულნი იქნებიან რუსულ რეგიონებად“. აშშ მოითხოვს, რომ უკრაინა გეგმას 27 ნოემბრამდე დაეთანხმოს.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, „უკრაინა შეიძლება, ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს, ან ღირსების, მთავარი პარტნიორის დაკარგვის რისკი, რთული 28 პუნქტი, ან უკიდურესად რთული ზამთარი“.