დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ რუსული საავიაციო ბაზების დაბომბვამ მოსკოვს ახალი მასშტაბური შეტევების განხორციელებისთვის საბაბი მისცა
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ რუსული საავიაციო ბაზების დაბომბვამ მოსკოვს ახალი მასშტაბური შეტევების განხორციელებისთვის საბაბი მისცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის მიერ რუსული საავიაციო ბაზების დაბომბვამ მოსკოვს ახალი მასშტაბური შეტევების განხორციელებისთვის საბაბი მისცა. ასე უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტების კითხვას, შეიცვალა თუ არა მისი დამოკიდებულება ვოლოდიმირ ზელენსკისადმი მას შემდეგ, რაც უკრაინა რუსეთის საავიაციო ბაზებს თავს დაესხა.

„მათ პუტინს მისცეს საბაბი, რომ ჯოჯოხეთურად დაებომბა ისინი. როდესაც ეს დავინახე, ვთქვი, აი, და დაიწყო. ახლა შეტევა იქნება. ვფიქრობ, ეს ომი არასოდეს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა საჭიროების შემთხვევაში რუსეთისთვის სანქციების დაწესება.

„კარგად ვიცი ეს კანონი, შევისწავლე, ვნახავთ. დიახ, გამოვიყენებ, თუ აუცილებელი იქნება; თუ ვიფიქრებ, რომ რუსეთი ხელშეკრულებას არ გააფორმებს და სისხლისღვრას არ შეწყვეტს. კვირაში 1000 ჯარისკაცი იღუპება, ხალხი კვდება. ისინი ნამდვილად მაძლევენ ამ შესაძლებლობას“, – განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, სენატი მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას რუსეთის წინააღმდეგ, ასევე მეორადი სანქციების დაწესებას იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთთან ვაჭრობენ.