დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასრულების მიზნით კვლავ აქტიურად მუშაობს - „ვფიქრობდი, ეს ერთ-ერთი ყველაზე ადვილი საკითხი იქნებოდა და აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე რთული“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კვლავ აქტიურად მუშაობს უკრაინაში ომის დასასრულებლად.
„ვფიქრობდი, ეს იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე ადვილი საკითხი. გამოდის, რომ აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე რთული, მაგრამ როგორც ადრე გითხარით, თვეში იღუპება 25 000-დან 30 000-მდე ადამიანი“, – განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა ასევე ისაუბრა თავისი ადმინისტრაციის ერთწლიანი საქმიანობის შედეგებსა და მიღწევებზე. ტრამპის თქმით, აშშ-ში არჩევნების შემდეგ რეკორდული მოცულობის ინვესტიციები შემოდის. ამასთან, დონალდ ტრამპმა ტარიფების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენი ქვეყანა იძარცვებოდა. ეს კარგი არ იყო. ჩვენ ეს ძალიან სწრაფად შევცვალეთ. ჩვენ გვექნება დაახლოებით 600 მილიარდი დოლარის შემოსავალი ტარიფებიდან. ვფიქრობ, შესაძლოა, მეტიც იყოს. შემდეგ წელს ბევრად მეტი იქნება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა ასევე ისაუბრა საზღვრის უსაფრთხოების საკითხზე და აღნიშნა, რომ მისი მმართველობის დაწყებისას ამერიკის საზღვარი ღია იყო და კვირაში მილიონობით შეუმოწმებელი იმიგრანტი შედიოდა ქვეყანაში.