დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ტრიუმფალური თაღი, რომელიც ვაშინგტონში აშენდება, სამხედრო კომპლექსი გახდება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ტრიუმფალური თაღი, რომელიც ვაშინგტონში აშენდება, სამხედრო კომპლექსი გახდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისივე თქმით, შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მოთხოვნით და ეროვნული უსაფრთხოების მიზეზების გამო ის დათანხმდა „დიდებული ტრიუმფალური თაღის“ „უმაღლესი დონის სამხედრო კომპლექსად“ გადაკეთებას.
ტრამპის თქმით, ტრიუმფალური თაღის აშენება მრავალი წლის განმავლობაში იგეგმებოდა, თუმცა ვერ განხორციელდა. ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ტრიუმფალური თაღი მსოფლიოში ყველაზე დიდი იქნება.
„შეერთებული შტატების სამხედროების ძლიერი თხოვნით და ეროვნული უსაფრთხოების მიზნით, მე დავთანხმდი, რომ არლინგტონის მემორიალური ხიდის მიმდებარედ არსებული დიდებული ტრიუმფალური თაღი, რომელიც სამოქალაქო ომის დროიდან მრავალი წლის წინ იყო დაგეგმილი, გადავაკეთო მაღალი დონის სამხედრო კომპლექსად/ტრიუმფალურ თაღად, სადაც განთავსდება, შეინახება და სწრაფად გამოიყენებენ დიდი რაოდენობით დრონებსა და სნაიპერებს როგორც სახურავზე, ასევე მოედნის ტერიტორიაზე, ასევე განთავსდება და შეინახება დიდი რაოდენობით სნაიპერული საბრძოლო მასალა. მსოფლიოში არსად არ იქნება ასეთი ობიექტი. 59 საუკეთესო ქალაქიდან და დედაქალაქიდან, ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, ერთადერთია მსოფლიოში, რომელსაც არ აქვს ტრიუმფალური თაღი, მაგრამ ახლა ექნება და, უდავოდ, ყველაზე დიდი იქნება მათ შორის!“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 2025 წლის აპრილში ტრამპის ადმინისტრაციამ ხელოვნების კომისიას წარუდგინა 76 მეტრის სიმაღლის ტრიუმფალური თაღის დიზაინი, რომლის განთავსებაც ვაშინგტონში, არლინგტონის მემორიალური ხიდის ესტაკადაზეა დაგეგმილი. ტრიუმფალური თაღი აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლისთავს მიეძღვნება.