დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თეთრი სახლის საზღვრის უსაფრთხოების კოორდინატორი მინესოტის გუბერნატორ ტიმ უოლცს და მინეაპოლისის მერს, ჯეიკობ ფრეის შეხვდება
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, თეთრი სახლის საზღვრის უსაფრთხოების კოორდინატორი ტომ ჰომანი მინეაპოლისში მინესოტის გუბერნატორს, ტიმ უოლცს და მინეაპოლისის მერს, ჯეიკობ ფრეის შეხვდება.
ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მომხრეა სამართლიანი და გულწრფელი გამოძიების. მისივე თქმით, თვალს ადევნებს გამოძიებას, რომელიც მინეაპოლისში ფედერალური აგენტების მიერ მოკლული კიდევ ერთი ადამიანის საქმეს ეხება.
„ჩვენ მასშტაბურ გამოძიებას ვატარებთ. მინდა, თვალი ვადევნო გამოძიებას. მინდა ძალიან გულწრფელი გამოძიება. თავად უნდა ვნახო ეს“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, მინეაპოლისში მეორე შემთხვევაა, როდესაც ფედერალურმა აგენტებმა ადამიანი მოკლეს. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, სასაზღვრო სამსახურის აგენტებმა მამაკაცს, რომელიც მათ ცეცხლსასროლი იარაღით უახლოვდებოდა, თავდაცვის მიზნით გაუხსნეს ცეცხლი. მინეაპოლისის პოლიციის მეთაურის, ბრაიან ო’ჰარას თქმით, მოკლული 37 წლის მამაკაცი აშშ-ის მოქალაქე იყო. მას იარაღი კანონიერად ჰქონდა შეძენილი.