დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თანახმაა, კამალა ჰარისთან დებატები სამჯერ გამართოს
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის თანახმაა, კამალა ჰარისთან დებატები სამჯერ გამართოს.
შეთანხმების შემთხვევაში დებატები შეერთებული შტატების მთავარი ტელემაუწყებლების ეთერში გაიმართება: 4 სექტემბერს „ფოქს ნიუსზე“, 10 სექტემბერს „ენბისიზე“, ხოლო 25 სექტემბერს „ეიბისიზე“.
როგორც დონალდ ტრამპი აღნიშნავს, ტელემაუწყებლების ხელმძღვანელები შეთავაზებაზე თანახმა არიან, თუმცა ის ელოდება კამალა ჰარისის თანხმობას.
ამასთან, ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატები „სიბიეს ნიუსის“ ეთერში გაიმართება, თუმცა ტრამპს ამასთან დაკავშირებით მეტ დეტალზე არ უსაუბრია.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან დებატებზე „ფოქს ნიუსის“ შეთავაზებას დათანხმდა, თუმცა ჰარისმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა. მანამდე დებატები პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დაგეგმილი იყო ტელეკომპანია „ეიბისის“ ეთერში 10 სექტემბერს, თუმცა მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, გაურკვეველი გახდა აღნიშნული დებატების ჩატარების საკითხი. კამალა ჰარისმა მანამდე განაცხადა, რომ ის თანახმაა, დებატები კვლავ 10 სექტემბერს, „ეიბისის“ ეთერში შედგეს.