დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ  შესაძლოა, 15 ათასამდე სამხედრო გაგზავნოს მექსიკის საზღვართან, რომელსაც ცენტრალური ამერიკიდან მიგრანტთა ნაკადი უახლოვდება
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა, 15 ათასამდე სამხედრო გაგზავნოს მექსიკის საზღვართან, რომელსაც ცენტრალური ამერიკიდან მიგრანტთა ნაკადი უახლოვდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ  შესაძლოა, 15 ათასამდე სამხედრო გაგზავნოს მექსიკის საზღვართან, რომელსაც ცენტრალური ამერიკიდან მიგრანტთა ნაკადი უახლოვდება. დონალდ ტრამპის თქმით, ხელისუფლება ქვეყანაში არავის შეუშვებს.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ფინანსური დახმარების შეწყვეტას განიხილავს იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც მიგრანტები გაატარეს.

პენტაგონმა აშშ-ის სამხრეთ საზღვრისკენ 5200 სამხედროს გაგზავნის გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

ამერიკის შეერთებული შტატებისკენ ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან, კერძოდ, გვატემალადან, ჰონდურასიდან და სალვადორიდან ათასობით მიგრანტი მიემართება. მათი ნაწილი მექსიკის ხელისუფლების შეთავაზებას დათანხმდა და ქვეყანაში დარჩა, თუმცა ნაწილი აშშ-ის მიმართულებით სვლას განაგრძობს.

უფლებადამცველი ორგანიზაციის, Pueblo Sin Fronteras-ის მონაცემებით, ამჟამად ე.წ. მიგრანტთა ქარავანი დაახლოებით 4 000 ადამიანისგან შედგება. ისინი ამჟამად მექსიკის ოახაკას შტატში, აშშ-ის საზღვრიდან რამდენიმე ასეულ კილომეტრში იმყოფებიან.