დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთმა ვენესუელიდან სამხედროების უმრავლესობა გაიყვანა
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთმა ვენესუელიდან სამხედროების უმრავლესობა გაიყვანა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთმა ვენესუელიდან სამხედროების უმრავლესობა გაიყვანა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაწერა.

„რუსეთმა გვაცნობა, რომ ვენესუელიდან თავისი ხალხის უმეტესობა გაიყვანა“, – დაწერა ტრამპმა.

ამავე დროს, მას არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ მიაწოდა ამერიკულ მხარეს რუსი სამხედრო სპეციალისტების ვენესუელიდან გაყვანის შესახებ ინფორმაცია.

თავის მხრივ, გამოცემა „უოლ სტრიტ ჯორნალი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა ვენესუელაში თავისი სამხედრო სპეციალისტების რაოდენობა რამდენიმე ათასიდან ათასამდე შეამცირა. ჟურნალის ცნობით, უკვე რამდენიმე თვეა ვენესუელის ხელისუფლება „როსტეხს“ სამხედრო ტექნიკის მომსახურების საფასურს არ უხდიდა.

რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია პასუხისმგებელია მოსკოვის მიერ კარაკასისთვის მიწოდებული სამხედრო ტექნიკის მომსახურებასა და ადგილობრივი სპეციალისტების მომზადებაზე.
როსტეხში“ „უოლ სტრიტ ჯოურნალის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ გამოცემის მიერ დასახელებული ციფრები რეალურს ბევრად აღემატება.

ჟურნალის ცნობებს კატეგორიულად უარყოფს  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც.

„მორიგი „ახალი ამბავი“ აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს. მუშაობა არსებული ვალდებულებების შესაბამისად მიმდინარეობს, არანაირ შემცირებებზე საუბარი არ არის“, – განაცხადა ვენესუელაში რუსეთის ელჩმა ვლადიმირ ზაემსკიმ.