დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანით იმედგაცრუებულია
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანით იმედგაცრუებულია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ძალიან იმედგაცრუებულია თურქეთის ლიდერის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის გამო, რადგან ის უარს აცხადებს ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრენსონის გათავისუფლებაზე. ამის შესახებ ტრამპმა სააგენტო „ბლუმბერგთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, თავდაპირველად აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებდა, რადგან, ტრამპის თქმით, ეს ეპიზოდი გულთან ახლოს მიაქვს.

„ძალიან იმედგაცრუებული ვარ მის გამო, თუმცა ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – აღნიშნა ტრამპმა.

თურქეთში პასტორ ენდრიუ ბრენსონის დაკავების გამო, ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბა. თურქეთის ხელისუფლება ბრენსონს ტერორისტულ საქმიანობაში სდებს ბრალს. მიმდინარე თვის დასაწყისში აშშ-მა თურქეთის მინისტრთა კაბინეტის წევრებს სანქციები დაუწესა.