დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თაყვანისმცემელია
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თაყვანისმცემელია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თურქეთის ლიდერთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან თეთრ სახლში გამართულ მოლაპარაკებებს ნაყოფიერი უწოდა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ერდოღანთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ტრამპმა თურქ კოლეგას კარგი მეგობარი უწოდა და აღნიშნა, რომ მათ როგორც ქვეყნების დონეზე, ისე პირადად შესანიშნავი ურთიერთობები აქვთ. ტრამპის თქმით, ის პრეზიდენტ ერდოღანის თაყვანისმცემელია.

აშშ-ის ლიდერის განცხადებით, შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა სირიის საკითხი იყო. მისი თქმით, რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სრულდება.

„დღეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სრულდება და მე მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს პარტნიორობისა და თანამშრომლობისთვის უფრ მეტად სტაბილური, მშვიდობიანი და განვითარებული ახლო აღმოსავლეთის აშენებისკენ მიმართულ ჩვენს მუშაობაში. ჩვენ დავარწმუნეთ ერთმანეთი, რომ თურქეთი ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას გააგრძელებს. მე პრეზიდენტის დიდი თაყვანისმცემელი ვარ, უნდა მეთქვა ეს თქვენთვის“, – განაცხადა ტრამპმა.

თავის მხრივ, ერდოღანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებებს ასრულებს, თუმცა აღნიშნა, რომ რეგიონში კვლავ რჩებიან ქურთი მებრძოლები, რის მაგალითადაც ბოლო დროს თურქეთ-სირიის საზღვრის სიახლოვეს თავდასხმები დაასახელა.

გამოსვლისას ტრამპმა თურქეთის მიერ რუსული ანტისარაკეტო სისტემების, ეს-400-ების შეძენის საკითხზეც ისაუბრა.

„თურქეთის მიერ თანამედროვე რუსული ტექნიკის შეძენა, როგორიცაა ეს-400, ჩვენთვის სერიოზული გამოწვევებს ქმნის და ჩვენ მუდამ ვლაპარაკობთ ამაზე. ჩვენ შევეხეთ ამ საკითხს დღეს და განვიხილავთ მას მომავალშიც. ვიმედოვნებ, მომავალში ამ სიტუაციის დარეგულირებას შევძლებთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ შესაბამისი სიტუაციის შემთხვევაში, თურქეთი მზად არის, „პეტრიოტის“ სისტემები შეიძინოს.

ერდოღანმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ვაშინგტონი ანკარას აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენს გადასცემს, რომელსაც თურქეთის 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიიჩნევს.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე, რომელიც 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდს აღიარებს. როგორ ერდოღანმა აღნიშნა, ეს რეზოლუცია ჩრდილს ფენს აშშ-თურქეთის ურთიერთობებს. მისი თქმით, საუკუნის წარსულ მოვლენებზე ისტორიკოსებმა უნდა იმსჯელონ და არა პოლიტიკოსებმა. ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ სენატი აღნიშნულ დოკუმენტს მხარს არ დაუჭერს.

დატოვე კომენტარი