დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პირბადეების სავალდებულო ტარებას არ ეთანხმება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პირბადეების სავალდებულო ტარებას არ ეთანხმება. მისი თქმით, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ „გარკვეული თავისუფლება“. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „ფოქს ნიუსთან“ საუბარში განაცხადა.
ტრამპის ამ კომენტარს წინ უძღვოდა ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის, ექიმ ენტონი ფაუჩის განცხადება, რომელმაც ადგილობრივ ლიდერებს მოუწოდა, რაც შეიძლება მეტად მომთხოვნები იყვნენ, რომ მოქალაქეებმა პირბადეები ატარონ.
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ექიმმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ პირბადეების ტარება ძალიან მნიშვნელოვანია. „ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ისინი, ყველამ“, – განაცხადა ფაუჩიმ.
თავად ტრამპი, რომელიც აქამდე პირბადის ტარებაზე უარს ამბობდა, პირველად საზოგადოებაში პირბადით გასულ კვირაში გამოჩნდა.
მიმდინარე კვირის დასაწყისში აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც მოქალაქეებს ნიღბების ტარებისკენ მოუწოდებდა.
„ჩვენ არ ვართ დაუცველები „კოვიდ-19“-ის წინაშე. ქსოვილის პირბადეები ყველაზე ძლიერი იარაღია, რომელიც გაგვაჩნია ვირუსის გავრცელების შესანელებლად და შესაჩერებლად, განსაკუთრებით საზოგადოებაში უნივერსალური გამოყენების შემთხვევაში“, – განაცხადა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა, ექიმმა რობერტ რედფილდმა.