დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ოთხშაბათიდან აშშ ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე მიმდინარე ტარიფებს 25%-დან 50%-მდე გაზრდის
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ოთხშაბათიდან აშშ ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე მიმდინარე ტარიფებს 25%-დან 50%-მდე გაზრდის. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
პენსილვანიის შტატის ქალაქ პიტსბურგში გამართულ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ადგილობრივი ფოლადის ინდუსტრიისა და ეროვნული მიწოდების გაძლიერებას, ამავდროულად შეამცირებს ჩინეთზე დამოკიდებულებას.
ტრამპის თქმით, 14 მილიარდი დოლარი ჩაიდება რეგიონში ფოლადის წარმოებაში US Steel-სა და იაპონურ Nippon Steel-ს შორის პარტნიორობის მეშვეობით, თუმცა მოგვიანებით მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საბოლოო შეთანხმება ჯერ არ უნახავს და არც დაუმტკიცებია.