დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მთავრობის დახურვის შედეგად დაზარალებული თანამშრომლების უმეტესობა ანაზღაურებას მიიღებს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მთავრობის დახურვის შედეგად დაზარალებული თანამშრომლების უმეტესობა ანაზღაურებას მიიღებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მთავრობის დახურვის შედეგად დაზარალებული თანამშრომლების უმეტესობა ანაზღაურებას მიიღებს.

ჟურნალისტის კითხვაზე – როგორ გადაწყვეტთ, რომელი თანამშრომლები მიიღებენ ანაზღაურებას და რომელი არა, ტრამპმა უპასუხა, რომ მათი უმეტესობა ანაზღაურებას მიიღებს.

„მათი უმეტესობა ანაზღაურებას მიიღებს და ჩვენ ვეცდებით, რომ ეს უზრუნველვყოთ. თუმცა, ზოგიერთი მათგანი დემოკრატების მიერ ძალიან მძიმედ დაზარალდა და შესაბამისად, ისინი ვერ აკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმებს. დემოკრატებს სურთ, რომ ჩვენს ქვეყანაში შემოსული არალეგალი მიგრანტებისთვის ჯანდაცვის სისტემა დაამტკიცონ, რომელთა უმეტესობა ციხეებიდან და ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან მოდიან. მათ სურთ, რომ მათთვის ჯანდაცვის სისტემა იყოს ხელმისაწვდომი. ჩვენ არ გვინდა ეს ჩვენი ხალხისთვის, რადგან ეს გაანადგურებს უკვე არსებულ ჯანდაცვას“,- განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის მთავრობამ მუშაობა ოფიციალურად პირველ ოქტომბერს შეაჩერა. აშშ-ის სენატმა უკვე მეხუთედ ვერ შეძლო დაფინანსების კანონპროექტის მიღება, რაც იმას ნიშნავს, რომ ე.წ. შათდაუნი გრძელდება, რის გამოც ათასობით ფედერალური თანამშრომელი იძულებულია, ანაზღაურების გარეშე იმუშაოს.