დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას სამართლიანად რომ ანიჭებდნენ, მის მიღებას შეძლებდა
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას სამართლიანად რომ ანიჭებდნენ, მის მიღებას შეძლებდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის შეძლებდა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მიღებას მისი სამართლიანად მინიჭების შემთხვევაში. ამის შესახებ აშშ-ის ლიდერმა ნიუ იორკში პაკისტანის პრემიერ-მინისტრთან, იმრან ხანთან შეხვედრის წინ განაცხადა.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ინდოეთსა და პაკისტანს შორის ქაშმირის რეგიონის გამო დავის დარეგულირების შემთხვევაში, დონალდ ტრამპმა შესაძლოა, ნობელის პრემია მიიღოს.

„ვფიქრობ, მე ნობელის პრემიის მიღება ბევრი რამისთვის შემეძლო, მათ რომ ის სამართლიანად მიანიჭონ, თუმცა ისინი ამას არ აკეთებენ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

იმის მაგალითად, რომ ნობელის პრემიის მინიჭება უსამართლოდ ხდება, აშშ-ის პრეზიდენტმა თავისი წინამორბედი ბარაკ ობამა დაასახელა.

„მათ მისცეს ერთი პრემია ობამას მისი გაპრეზიდენტებისთანავე და მას წარმოდგენა არ ჰქონდა, რისთვის მიიღო ის“, -აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, ბარაკ ობამას მშვიდობის დარგში ნობელის პრემია 2009 წელს მიანიჭეს.