დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია სრულად დაუჭერს მხარს ნიუ ორლეანს ბოროტების გამოძიებისა და შედეგების აღმოფხვრის პროცესში
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია სრულად დაუჭერს მხარს ნიუ ორლეანს ბოროტების გამოძიებისა და შედეგების აღმოფხვრის პროცესში

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ ორლეანში თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ბოროტებაა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ტრამპი წერს, რომ მისი ადმინისტრაცია სრულად დაუჭერს მხარს ნიუ ორლეანს ამ ბოროტების გამოძიებისა და შედეგების აღმოფხვრის პროცესში.

„როდესაც ვამბობდი, რომ შემოსული კრიმინალები გაცილებით უარესები არიან, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში არსებული კრიმინალები, ამ განცხადებას მუდმივად უარყოფდნენ დემოკრატები და ყალბი მედია, მაგრამ ეს სიმართლე აღმოჩნდა“, – წერდა ტრამპი იქამდე, ვიდრე ცნობილი გახდებოდა, რომ თავდამსხმელი აშშ-შია დაბადებული.

აშშ-ში, ნიუ ორლეანის ფრანგულ კვარტალში, ბურბონ სტრიტზე სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა.