დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მასა და ვლადიმერ პუტინს შორის ურთიერთობა უფრო დამთბარია
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მასა და ვლადიმერ პუტინს შორის ურთიერთობა უფრო დამთბარია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მასა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის ურთიერთობა უფრო დამთბარია და ეს ანკორიჯის სამიტზეც იგრძნობოდა.

როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტსა და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტს ესაუბრა, თუმცა არა სტუმრების თანდასწრებით, რომელთაც, ტრამპის თქმით, ბაიდენის პერიოდიდან მოყოლებული, არც ისე კარგი ურთიერთობა აქვთ პუტინთან.

ტრამპის განცხადებით, ევროპელი ლიდერების თანდასწრებით პუტინთან საუბარი „რუსეთის ლიდერის მიმართ უპატივცემულობა იქნებოდა“.

„შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტ პუტინთან დარეკვას ვაპირებდი და პუტინი ელოდებოდა ამას. როდესაც დავურეკე, უკვე ღამის პირველი საათი იყო რუსეთში. გვიანი იყო, მაგრამ მიპასუხა. ძალიან ბევრს მუშაობს ისიც, როგორც ჩვენ. ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. ვუთხარი, რომ მოვაწყობ შეხვედრას პრეზიდენტ ზელენსკისთან და თქვენ და ის შეხვდებით. ამ შეხვედრის შემდეგ თუ ყველაფერი კარგად წავა, მეც შეგხვდებით და შევაჯამებთ. მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეული ურთიერთობა, სხვაგვარად ეს დროის კარგვაა. მე ამის დასრულება მსურს“, – აღნიშნა ტრამპმა.