დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას და პუტინს სურთ, ვენესუელამდე ჰუმანიტარული დახმარება ჩავიდეს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას და პუტინს სურთ, ვენესუელამდე ჰუმანიტარული დახმარება ჩავიდეს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, მას და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სურთ, ვენესუელელმა ხალხმა ჰუმანიტარული დახმარება მიიღოს.

ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა. მან ისაუბრა ვლადიმერ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ, რომელიც ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

აშშ-ის ლიდერმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ განიარაღებასთან ერთად, პუტინთან ვენესუელას საკითხი განიხილა.

„ვლადიმერ პუტინთან ძალიან კარგი საუბარი მქონდა. ჩვენ საკმაოდ ბევრი საკითხი განვიხილეთ, ვენესუელა ერთ-ერთი მათგანი იყო. მას ვენესუელაში პოზიტიური ცვლილებები სურს. მეც ასე ვარ. ჩვენ გვსურს, ვენესუელამდე ჰუმანიტარული დახმარება ჩავიდეს. ახლა იქ ხალხი შიმშილობს. მათ არ აქვთ სასმელი წყალი და საკვები. 20 წლის წინ ვენესუელა ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა იყო, ახლა კი, მათ საკუთარი ხალხისთვის წყალიც კი არ აქვთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე.