დონალდ ტრამპი – ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო კარგი ადამიანია, ნობელის პრემია გადმომცა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელის ოპოზიციის ლიდერისთვის, მარია კორინა მაჩადოსთვის არ უთქვამს, არ დაბრუნდეს ვენესუელაში.
მისი თქმით, მარია კორინა მაჩადო მოსწონს.
„არასდროს მითქვამს, უკან არ დაბრუნებულიყო. ვფიქრობ, ის კარგი ადამიანია, ნობელის პრემია გადმომცა. როგორ შეიძლება, ის არ მომწონდეს, თუკი პრემია გადმომცა. ნობელის პრემია მიიღო და თქვა, რომ ერთადერთი, ვინც ეს პრემია უნდა მიიღოს, ტრამპია. მე მას საერთოდ არ ვიცნობდი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარია კორინა მაჩადომ, რომელიც ამჟამად პანამაში იმყოფება, ვენესუელის ხელისუფლებას ქვეყანაში დაბრუნების მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მაჩადო გეგმავდა პანამიდან ვენესუელაში დაბრუნებას, რათა მიწისძვრების შედეგების ლიკვიდაციისა და დაზარალებულთა დახმარების სამუშაოებში მიეღო მონაწილეობა. ამასთან, „ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, ვენესუელაში მაჩადოს დაბრუნების არაერთი მოთხოვნა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უარყო, რამაც აშშ-ის ადმინისტრაციასა და მაჩადოს შორის ღია დაპირისპირება გამოიწვია. ტრამპის დამოკიდებულება ვერც იმ ფაქტმა შეცვალა, რომ მაჩადომ რამდენიმე თვის წინ ტრამპს თავისი ნობელის პრემია გადასცა. მარია კორონა მაჩადომ ვენესუელა გასული წლის ბოლოს დატოვა.
შეგახსენებთ, მშვიდობის დარგში ნობელის 2025 წლის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მარია კორინა მაჩადოს გადაეცა. როგორც ნობელის კომიტეტის განცხადებაში აღინიშნა, მარია კორინა მაჩადოს ჯილდო ვენესუელელი ხალხის დემოკრატიული უფლებებისთვის დაუღალავი მუშაობისა და დიქტატურიდან დემოკრატიაზე სამართლიანი, მშვიდობიანი გადასვლის მისაღწევად ბრძოლისთვის გადაეცა. დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ნობელის პრემია მას ეკუთვნოდა, რადგან მსოფლიოში მიმდინარე 10-მდე კონფლიქტი დაამთავრა. 2026 წლის 16 იანვარს კი მარია კორინა მაჩადომ თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიის საკუთარი მედალი გადასცა.