დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ხელი მოაწერა განკარგულებას გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოსთან აშშ-ის თანამშრომლობის შეწყვეტაზე და „მკაცრ დირექტივას“ ირანზე მაქსიმალური ზეწოლის აღსადგენად
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე რამდენიმე განკარგულებას მოაწერა ხელი.
დოკუმენტების თანახმად, აშშ წყვეტს თანამშრომლობას გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოსთან და ძალაში ტოვებს გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს დაფინანსების შეჩერების გადაწყვეტილებას.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე ხელი მოაწერა, მისი თქმით, „ძალიან მკაცრ“ დირექტივას, რომელიც ირანის წინააღმდეგ „მაქსიმალური ზეწოლის კამპანიას აღადგენს“.
ტრამპმა აღნიშნა, რომ თავის მრჩევლებს მისცა მითითება, გაანადგურონ ირანი, თუ თეირანი „მის მკვლელობას შეეცდება“.
„მე დავტოვე ინსტრუქციები – ამას თუ გააკეთებენ, განადგურდებიან, აღარაფერი დარჩება“, – აღნიშნა ტრამპმა.
ცნობისთვის, იუსტიციის დეპარტამენტმა ნოემბერში განაცხადა, რომ მათ აღკვეთეს „ირანული შეთქმულება“, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებამდე ტრამპის მკვლელობას ისახავდა მიზნად.
ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მზადაა, შეხვდეს ირანელ კოლეგას და დაარწმუნოს ის, უარი თქვას ბირთვული იარაღის შექმნაზე.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ირანი ძალიან ახლოსაა ბირთვული იარაღის შექმნასთან და აშშ-ს აქვს უფლება, დაბლოკოს ირანული ნავთობის გაყიდვა სხვა ქვეყნებში.
თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ პალესტინელებს, ღაზის სექტორის დატოვების გარდა, სხვა ალტერნატივა არ აქვთ.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, იორდანიამ და ეგვიპტემ, როგორც მეზობელმა ქვეყნებმა, უნდა მიიღონ იძულებით გადაადგილებული პალესტინელები.