დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯეი დი ვენსი, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ირანის წარმომადგენლებთან შეხვედრებისთვის მოსამზადებლად ისლამაბადში გაემგზავრნენ
ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და მრჩეველი ჯარედ კუშნერი აშშ-დან ისლამაბადში გაემგზავრნენ ირანთან შეხვედრებისთვის მოსამზადებლად, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ნიუ იორკ პოსტთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ტრამპმა უარყო ირანის განცხადებები, რომ არ მიიღებს მონაწილეობას პაკისტანში სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში. აშშ-ის პრეზიდენტმა „ნიუ იორკ პოსტს“ განუცხადა, რომ მზად იქნება, შეხვდეს ირანის მაღალჩინოსნებს, თუ გარღვევა მოხდება.
„ჩვენ მოლაპარაკებები უნდა გვქონდეს. ამიტომ ვივარაუდებ, რომ ამ ეტაპზე არავინ თამაშობს. ისინი ახლა მიემართებიან, ამაღამ იქ იქნებიან“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
პაკისტანში მოლაპარაკებები აშშ-ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე უნდა გაიმართოს.