დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს ბოლო ვადა მისცა შეთანხმების მისაღწევად - „ჩვენ გვყავს დიდი არმადა, ფლოტილია, რომელიც ახლა ირანისკენ მიემართება, შეთანხმებას თუ ვერ მივაღწევთ, ვნახოთ, რა მოხდება“
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს ბოლო ვადა მისცა შეთანხმების მისაღწევად - „ჩვენ გვყავს დიდი არმადა, ფლოტილია, რომელიც ახლა ირანისკენ მიემართება, შეთანხმებას თუ ვერ მივაღწევთ, ვნახოთ, რა მოხდება“

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მან ირანს ბოლო ვადა მისცა შეთანხმების მისაღწევად.

ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტის კითხვაზე, მისცა თუ არა ვადა ირანს პოტენციური დარტყმის დაწყებამდე, ტრამპმა დაადასტურა და აღნიშნა: „მხოლოდ მათ იციან დანამდვილებით“.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ კომუნიკაცია ჰქონდა ირანის ხელისუფლებასთან.

„ჩვენ გვყავს დიდი არმადა, ფლოტილია, რომელიც ახლა ირანისკენ მიემართება. კიდევ უფრო დიდი, ვიდრე ვენესუელაში იყო. ჩვენ ახლა ვგზავნით უფრო დიდი რაოდენობის გემებს ირანისკენ და იმედი მაქვს, შეთანხმებას მივაღწევთ. შეთანხმებას თუ მივაღწევთ, ეს კარგი იქნება. თუ ვერ მივაღწევთ, ვნახოთ, რა მოხდება“, – აღნიშნა ტრამპმა.

კითხვაზე, არსებობს თუ არა ვადები, როდის შეიძლება, რეგიონში მყოფმა აშშ-ის ძალებმა უკან დაიხიონ, ტრამპმა კონკრეტული პასუხი არ გასცა, თუმცა აღნიშნა:

„ისინი სადმე უნდა იყვნენ. შეიძლება, ირანთან ახლოსაც კი“.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სიკვდილით დასჯას 800-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინა.

„მათ ვუთხარი, თუ ამას გააკეთებდნენ, ისეთ საფასურს გადაიხდნენ, რომელიც აქამდე არავის გადაუხდია. მათ უკან დაიხიეს და ამას ვაფასებ, მაგრამ ბევრი ადამიანი მოკლეს. ასე რომ, ვნახოთ, რა მოხდება. მე შემიძლია გითხრათ, რომ მათ სურთ შეთანხმება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.