დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ფინეთს დაესხმება თავს, ის მზად არის, ფინეთი დაიცვას
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ფინეთს დაესხმება თავს, ის მზად არის, ფინეთი დაიცვას

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ფინეთს დაესხმება თავს, ის მზად არის, ფინეთი დაიცვას.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტაბთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლებმა ტრამპს ჰკითხეს, რა შეიძლება, მოხდეს, თუ რუსეთი ომს უკრაინის მიღმა გააფართოებს –  „რა მოხდება, თუ რუსეთი და ვლადიმერ პუტინი ფინეთს თავს დაესხმებიან? თქვენ დაიცავთ ფინეთს? – ჰკითხა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, რაზეც ტრამპმა დადებითი პასუხი გასცა.

„მე დავიცავდი. დიახ, დავიცავდი. ისინი ნატო-ს წევრები არიან“,- განაცხადა მან.

ამავდროულად, ტრამპმა აღნიშნა, რომ ნაკლები შანსია, რუსეთი ფინეთს დაესხას თავს.

„არა მგონია, რომ ეს მოხდეს. არა მგონია, რომ ის ამას გააკეთებს. ვფიქრობ, ამის შანსი ძალიან, ძალიან მცირეა“,- განაცხადა ტრამპმა.

როდესაც ჟურნალისტებმა აშშ-ის პრეზიდენტს კვლავ ჰკითხეს, თუ როგორ დაიცავდა ფინეთს, ტრამპმა განაცხადა, რომ ამას „ენერგიულად“ გააკეთებდა.