დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ Google-მა ატლანტის ოკეანისთვის სახელის გადარქმევის შესახებ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კომპანია Google-მა ატლანტის ოკეანისთვის სახელის გადარქმევის შესახებ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
სამხრეთ კაროლინაში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ Google-ის აღმასრულებელ დირექტორს, სუნდარ პიჩაის დაუკავშირდა, რათა გაერკვია, შეეძლო თუ არა კომპანიას ატლანტის ოკეანისთვის „ტრამპის ოკეანის“ ან „ამერიკის ოკეანის“ დარქმევა.
ტრამპმა ასევე გაიხსენა თავისი გადაწყვეტილება მექსიკის ყურისთვის „ამერიკის ყურის“ სახელის გადარქმევის შესახებ და ონტარიოს ტბისთვის „ამერიკის ტბის“ დარქმევის მცდელობა. მისი თქმით, Google-ის ხელმძღვანელებმა ამ შემთხვევებში შესანიშნავად იმუშავეს, თუმცა ამჯერად განუცხადეს, რომ ოკეანის სახელის შეცვლას ვერ შეძლებდნენ, რადგან „ისინი ძალიან დიდ ტერიტორიას მოიცავენ“.
„ასე რომ, ჩვენ გვაქვს ტბა და ყურე. ახლა გვჭირდება მდინარე და ოკეანე. მხოლოდ ორი ოკეანე მომწონს – ატლანტის ოკეანე და წყნარი ოკეანე. არ ვაპირებ სხვა ოკეანეს ტრამპის ან ამერიკის სახელი დავარქვა – მხოლოდ ამ ორს. ამიტომ ატლანტის ოკეანის საკითხი სერიოზულად განვიხილეთ და Google Maps-ს დავუკავშირდი. სხვათა შორის, ტბასთან დაკავშირებით მათ შესანიშნავი სამუშაო გასწიეს, თუმცა ისინი ჯერ კიდევ შეშფოთებული არიან ყურის ინციდენტის გამო. ვუთხარი: „სუნდარ, ატლანტის ოკეანეზე ვფიქრობ. შეგიძლია, ეს მოაგვარო?“ ის მთელ Google-ს ხელმძღვანელობს. ბრწყინვალე ადამიანია. სერგეი და სუნდარი აბსოლუტურად ბრწყინვალე ბიჭები არიან. იცით, ისინი ჯერ კიდევ შეშფოთებული არიან ყურის საკითხით.
მე ვუთხარი: „სუნდარ, ატლანტის ოკეანეზე ვფიქრობ. შეგიძლია, ამის გაკეთება?“ მან მიპასუხა: „არა, არა, არა. ამჯერად ამას არ გავაკეთებ. ოკეანეები განსხვავებულია, ბატონო. იცით, ისინი დიდ ტერიტორიას მოიცავენ და მართლაც ბევრ ქვეყანას მოიცავენ. გთხოვთ, ნუ გვთხოვთ ამის გაკეთებას“. ასე რომ, ალბათ, ამ იდეაზე უარს ვიტყვი. ვფიქრობ, ატლანტის ოკეანე უცვლელად დავტოვოთ, არა?“ – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპის თხოვნის შემდეგ Google-მა Google Maps-ის ამერიკელი მომხმარებლებისთვის მექსიკის ყურის სახელწოდება „ამერიკის ყურით“ შეცვალა, ონტარიოს ტბას კი „ამერიკის ტბა“ უწოდა.
აღსანიშნავია, რომ მექსიკასა და კანადაში აპლიკაციის მომხმარებლები მათ თავდაპირველ სახელწოდებებს ხედავენ, დანარჩენები მსოფლიოში კი – ორივე სახელწოდების ვარიანტს. ამასთან, ტრამპმა Google-ს ჰორმუზის სრუტისთვის სახელის შეცვლაც სთხოვა და შესთავაზა, მისთვის „ტრამპის სრუტე“ ეწოდებინათ.