დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიმართ დაგეგმილ 50%-იან ტარიფებს 9 ივლისამდე შეაჩერებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიმართ დაგეგმილ 50%-იან ტარიფებს 9 ივლისამდე შეაჩერებს.
როგორც ტრამპი წერს, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან სატელეფონო საუბარი გამართა და მისთვის შეთანხმების მიღწევა პრივილეგია იყო.
„დავთანხმდი გაგრძელებას 2025 წლის 9 ივლისამდე, ეს ჩემთვის პატივი იყო. ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები სწრაფად დაიწყება“, – წერს ტრამპი.
ტრამპთან სატელეფონო საუბარს ურსულა ფონ დერ ლაიენიც ეხმაურება.
„კარგი საუბარი მქონდა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან. ევროკავშირსა და აშშ-ს შორის არის მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი და მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა. ევროპა მზადაა, სწრაფად და გადამწყვეტად წინ წაწიოს მოლაპარაკებები. კარგი შეთანხმების მისაღწევად გვჭირდება დრო 9 ივლისამდე“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.
დონალდ ტრამპმა თავდაპირველად განაცხადა, რომ ევროკავშირს 20%-იან ტარიფს დაუწესებდა, შემდეგ ტარიფი 10%-მდე შეამცირა და მათი დაწესება 8 ივლისამდე შეაჩერა. შემდეგ, 23 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პირველი ივნისიდან ევროკავშირს 50%-იან ტარიფს დაუწესებდა.