აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანთან ომს მალე დაასრულებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ისინი ახლავე თუ დატოვებენ ირანს, „აღსადგენად ათი წელი იქნება საჭირო“.
ნატო-ს საკითხზე საუბრისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ალიანსის წევრობა, „რა თქმა უნდა, დასაფიქრებელია“.
„იმედგაცრუებული ვარ ნატო-თი, ჩვენ ტრილიონობით დოლარს ვხარჯავთ ნატო-ზე წლების განმავლობაში. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ გვაქვს დეფიციტი და ვეხმარებით სხვა ქვეყნებს. ისინი როდესაც არ გვეხმარებიან, ნამდვილად ისეთი რამაა, რაზეც უნდა დავფიქრდეთ. ამ გადაწყვეტილებისთვის კონგრესი არ მჭირდება. როგორც იცით, მე თვითონ შემიძლია ამ გადაწყვეტილების მიღება. ვმუშაობ ძალიან ჭკვიან ადამიანთან და ყოველთვის ვითანამშრომლებ კონგრესთან, მაგრამ ამ გადაწყვეტილებისთვის კონგრესი არ მჭირდება. ამჟამად კონკრეტული არაფერი მაქვს მხედველობაში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპმა გააკრიტიკა მოკავშირეები, რომლებმაც ირანის ომში მხარდაჭერაზე უარი თქვეს.
„ჩვენ მათ ვეხმარებით, ისინი კი ჩვენ არ დაგვეხმარნენ და ეს ნატო-სთვის ძალიან ცუდი რამ არის“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა განაცხადა: ნატო-ს მოკავშირეთა უმეტესობამ გვაცნობა, რომ არ სურთ ჩვენს სამხედრო ოპერაციაში ჩართვა ირანის წინააღმდეგ, ჩვენ არავის დახმარება არ გვჭირდება“. ტრამპის თქმით, ნატო-ს მოკავშირეები სულელურ შეცდომას უშვებენ.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან ურთიერთობაზე შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ სტარმერი მზად იყო, გაეგზავნა ორი ავიამზიდი „გამარჯვების შემდეგ“, როდესაც მათთვის საფრთხე აღარ იარსებებდა.
დონალდ ტრამპმა აშშ-ის ეროვნული კონტრტერორიზმის ცენტრის დირექტორის, ჯო კენტის მიერ თანამდებობის დატოვებაზეც გააკეთა კომენტარი.
„ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ის კარგი ბიჭი იყო, მაგრამ ასევე ვფიქრობდი, რომ უსაფრთხოების საკითხში სუსტი იყო, ძალიან სუსტი. ჩვენთან მომუშავე ადამიანი როცა ამბობს, რომ ირანი საფრთხეს არ წარმოადგენდა, ასეთი ადამიანები არ გვინდა. ირანი საფრთხე იყო. ყველა ქვეყანა მიხვდა, რა საფრთხეს წარმოადგენდა ირანი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.