დონალდ ტრამპი 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტზე ვეტოს დადებას გეგმავს
დონალდ ტრამპი 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტზე ვეტოს დადებას გეგმავს

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტზე ვეტოს დადებას გეგმავს.

„ჩვენი თავდაცვის კანონპროექტით ყველაზე დიდი გამარჯვებული ჩინეთია. მე ვეტოს დავადებ ამ კანონპროექტს“ – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

11 დეკემბერს თავდაცვის ავტორიზაციის აქტს მხარი რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულმა სენატმაც დაუჭირა. 740 მილიარდი დოლარის ოდენობის თავდაცვის ბიუჯეტს მხარი 84-მა სენატორმა დაუჭირა, რაც ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ვეტოს შემთხვევაში, სენატს მისი დაძლევა შეეძლება. ვეტოს დაძლევა ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში პირველი შემთხვევა იქნება.

„როიტერი“ წერს, რომ კონგრესში პრეზიდენტის პარტიას და თეთრ სახლს შორის იშვიათი განხეთქილებაა. დემოკრატების მიერ კონტროლირებულმა წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტს მხარი გასულ კვირაში დაუჭირა.

პრეზიდენტი ტრამპი აპროტესტებს 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტს, რადგან მისი განცხადებით, ის არ აუქმებს კომუნიკაციების წესიერების კანონის 230-ე ნაწილს, რომელიც იცავს პასუხისმგებლობისგან ისეთ ტექნოლოგიურ კომპანიებს, როგორიცაა „გუგლი“, „ტვიტერი“ და „ფეისბუქი“, რაც მათ პლატფორმებზე ჩანს. ამასთანავე, ტრამპი ეწინააღმდეგება კანონმდებლობის ისეთ ნაწილებს, რომლებიც ავღანეთიდან და გერმანიიდან ჯარის გაყვანის გეგმებს შეანელებს.